მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო შეხვედრაზე დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ გახარია ბიზნესს ემშვიდობებოდა - კახა ხაზარაძე

602e4a62c9dd6
ინგა მურუსიძე
18.02.21 15:21
1184
„აი სი არ ჯგუფის“ დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, კახა ხაზარაძის შეფასებით, გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის სიტუაცია ვერ მართა, ვერ მართა ვერც ეკონომიკური კრიზისი , ქვეყანა კი პოლიტიკურ კრიზისში მოექცა, ამიტომ ბიზნესმენის შეფასებით, გიორგი გახარიამ დღეს იდეალური გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობა დატოვა.

როგორც მან BM.GE-ს გიორგი გახარიას გადადგომის შეფასებისას უთხრა, 10 დღის წინ გამართული ბოლო შეხვედრისას კერძო სექტორს შთაბეჭდილება დარჩა, რომ გახარია ბიზნესს ემშვიდობებოდა.

„ვესწრებოდი შეხვედრას, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ შედგა...არამარტო მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ რაღაც მომენტში ეს ფორმატი დამშვიდობებას ჰგავდა სექტორთან. მე არ მეგონა, რომ ასე მალე მოხდებოდა, ალბათ ნიკა მელიასთვის გამოტანილმა განაჩენმა დააჩქარა ეს პროცესი“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

მისი შეფასებით, გახარიას მოუწია თავის თავზე იმ პასუხისმგებლობების აღება, რაც მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა არ იყო.

„პანდემიის დროს პირველი ლოქდაუნი როცა გამოცხადდა, არ მომეწონა მისი გაკეთებული განცხადებები. ვამბობდი კიდეც ამას მაშინ. მაშინ გახარიას განცხადება იყო: ვინც თანამშრომლებს სახლში გაუშვებთ, ყველას მოგაკითხავთო; ბიზნესს ფაქტობრივად დაგვემუქრა. ალბათ, გახარიას მოსახლეობის თვალში უნდოდა გამოეხატა, რომ მთავრობის სოციალური პასუხისმგებლობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი.

10-15 წელია თანამშრომლები მუშაობენ ჩემთან და რანაირად უნდა დამარწმუნოს პრემიერმა, რომ ჩემზე მეტად განიცდის მათ სახლში გაშვებას?!

პირველივე კომუნიკაცია არასწორად დაიწყო, ხოლო შემდეგ ყველაფერი იყო ფასადური. შეხვედრები მიმდინარეობდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის დაენახებინათ, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია მიდის და გვისმენენ. ვხვდებოდით, გვისმენდნენ და მეორე დღეს გამოიტანდნენ დოკუმენტს, რომელიც ჩვენს შეხვედრამდე ჰქონდათ მიღებული“, - ამბობს ხაზარაძე.

რაც შეეხება სოციალურ კამპანიებს და დახმარების პაკეტებს, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.

„ქვეყნის ვალები გაიზარდა, ლოქდაუნი არასწორად იმართა, სექტორულად პრობლემები არ შესწავლილა, თუმცა ლოქდაუნის ნაწილში ალბათ გახარიას უფლებები შეკვეცილი ჰქონდა, რადგან დღეს ეპიდემიოლოგები მართავენ ყველაფერს. საბოლო ჯამში, დავდექით სერიოზული პრობლემების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები სერიოზული იყო მთელ მსოფლიოში, ეკონომიკურ კრიზისში საქართველო შევიდა პანდემიამდე - დღესაც ვართ დინებით. კატასტროფა ხდება ყველა დარგში, ტურიზმში, კვების ბიზნესში, რითელი კაპიტალის ხარჯზე „მივგორავთ“, მაგრამ საით არ ვიცით“, - ამბობს ბიზნესმენი.

რითეილ სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის პირობებში ყველაზე წარმატებული პრემიერი, ალბათ გიორგი კვირიკაშვილი იყო.

„როცა კვირიკაშვილს გადადგომა აიძულეს, მისი წასვლის დროს, ეკონომიკური ზრდა 7,1% იყო. მისი წასვლის შემდეგ ბახტაძე როგორ მოვიდა-წავიდა ბიზნესს არ გვიგრძვნია. თუ ინვესტიციები არ მოვიზიდეთ, გამორიცხულია ეკონომიკა წინ წავიდეს და გარე ინვესტიციის მოზიდვა გამორიცხულია სასამართლოს გარეშე. შეიძლება, სისხლის სამართალი არ ეხება ბიზნესს, მაგრამ არბიტრაჟი წამყვანია ამ საკითხში. ყველა ჩვენი პარტნიორი ცდილობს დააკონსერვოს ბიზნესი და კაპიტალი გაიტანოს ქვეყნიდან, რადგან პანდემიის გამოწვევების გამო მთელი მსოფლიო ეძებს პატარა ქვეყნებს, სადაც სიტუაცია გამჭვირვალეა“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

გახარიას პრემიერობის პერიოდში ის პოზიტიურ რეფორმად ასახელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. რაც შეეხება მომავლის პერსპექტივას, ბიზნესმენი მთავრობის არსებულ გუნდში გახარიაზე ძლიერს ვერავის ხედავს.

„თუ ნება არ არსებობს, ეკონომიკური გუნდი არ არსებობს, კომუნიკაცია არ არსებობს ბიზნესს და მთავრობას შორის, რისი იმედი უნდა მქონდეს? კატასტროფის წინაშე ვართ. ყოველდღე იხურება კომპანიები, ბრენდები გადიან ბაზრებიდან. ილონ მასკი რომ ჩამოიყვანოთ, იმასაც გაუჭირდება ცოტა ხანში რეაბილიტაცია. ნება რომ მიეცათ, შეიძლებოდა გახარია კარგი ყოფილიყო და საქმე გაეკეთებინა.  არსებულ გუნდში მე მასზე ძლიერი არავინ მეგულება“, - ამბობს კახა ხაზარაძე და ახალი პრემიერისგან მეტ კომუნიკაციას ელოდება.