მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო შვიდ წელში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ზარალი 297 მილიონს აჭარბებს

5e16040935e8c
შოთა ტყეშელაშვილი
08.01.20 21:00
1744

სამთო კურორტებზე ერთკვირიანი კრიზისის შემდეგ, მთავრობამ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ეკატერინე გალდავა გაათავისუფლა. მის ნაცვლად დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. 

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობაა. კომპანია 2010 წელს, ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგების სისტემების ერთიანი მართვისთვის შეიქმნა. შესაბამისად, მსხვილი ურბანული ცენტრების - თბილისის, მცხეთის, რუსთავის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, კომპანია მთელი საქართველოს მოსახლეობას ამარაგებს სასმელი წყლით. 

თუმცა ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ზარალიანი საწარმოა. დოკუმენტის მიხედვით, ზარალის მოცულობა განსაკუთრებულად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი, ის ჯამურად 297 მილიონ ლარს აჭარბებს. 



2018 წელს სახელმწიფოს მხრიდან კომპანიაში განხორციელდა 35,6 მილიონი ლარის კაპიტალშენატანი, ამასთანავე გაიცა 69 ათასი ლარის სუბსიდია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეს თანხა მიემართა:

• გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობის პროექტზე;
• ქუთაისის სერვისცენტრების სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დასრულებაზე;
• დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანებისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების, აგრეთვე სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე;
• ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარელში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე;
• ქ. სენაკის აღმაშენებლის ქუჩის წყალმომარაგების სესტემის მოწყობის სამუშაოებიზე;
• აგარის წყალმომარაგების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე;
• ქუთაისის წყალარინების პროექტის (EIB, EPTATF) ფარგლებში 41 390 ლარი გადაირიცხა ქუთაისის წყალარინების პროექტის კონსულტანტების სახელფასო ხარჯების დასაფარად.

"მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან კომპანიის მიერ მიწოდებულ მომსახურებაზე ფასის დადგენა ზღუდავს მას საკმარისი ეფექტიანობის მიღწევაში. ფინანსური ანგარიშგების მონაცემების თანახმად, კომპანიას 2012-2018 წლების განმავლობაში ყოველი წელი დასრულებული აქვს საოპერაციო ზარალით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ხარჯების სტრუქტურა საანალიზო პერიოდში მნიშვნელოვნად არ იცვლება. მაგალითად, 2018 წელს კომპანიაში სახელფასო ხარჯები 2017 წელთან შედარებით ნომინალურ ჭრილში გაიზარდა 4%-ით, აღნიშნული ზრდიდან მხოლოდ 22% მოდის ადმინისტრაციულ თანამშრომლებზე. აღნიშნულიდან უნდა დავასკვნათ, რომ კომპანია თავის სერვისს ყიდის კვაზი-ფისკალურ (არა-კომერციულ) ფასად, რაც გამოხატვას ჰპოვებს წლების მანძილზე საოპერაციო ზარალში.

როგორც ცხრილიდან ჩანს, კომპანიამ ზარალი განიცადა ფინანსური საქმიანობიდანაც, რაც წარმოადგენს საპროცენტო ხარჯებს და კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილ დანაკარგებს,"- ნათქვამია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ არის მომზადებული. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციითვე, კომპანიაში 2750 ადამიანი არის დასაქმებული.