07.აპრილი .2020 09:00

Bolt: ჩვენთვის "კომენდანტის საათი" უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვიდრე-კარანტინი

views 663
უკან

მგზავრთა გადაყვანის საერთაშორისო ბრენდ Bolt-ის საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი გიორგი აბაკელია BM.GE-ისთან კომპანიის საქმიანობაზე COVID-19-ის გავლენას აფასებს და აღნიშნავს, რომ გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგნენ.

„რეალურად, ჩვენთვის კომენდანტის საათი უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვიდრე - კარანტინი”, - ამბობს გიორგი აბაკელია.

მისი თქმით, კომპანია იმ შეზღუდვების მიხედვით ოპერირებს, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს.

„ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ ჩვენს კომპანიაზეც მოახდინა გავლენა. "კომენდანტის საათის" ფარგლებში შეიზღუდა ჩვენი მძღოლების სამუშაო საათები. ამ დრომდე 24 საათის განმავლობაში უზრუნველვყოფდით, რომ ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენი მომხმარებლებისთვის. სამუშაო საათების ცვლილების გარდა, გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები და შეიცვალა მგზავრების გადაყვანის პოლიტიკა. კერძოდ, შეზღუდვა მგზავრების რაოდენობაზე. (მაქსიმუმ 2 მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს მძღოლს.)

რეალურად, ჩვენთვის "კომენდანტის საათი" უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვიდრე - კარანტინი. შეკვეთების რაოდენობაზე მეტად ჩვენი საზრუნავი გახდა კორპორატიული კლიენტების თანამშრომლების უსაფრთხოდ მიყვანა დანიშნულების ადგილზე და მძღოლის დროული დაბრუნება სახლში სამუშაო საათების დასრულებისას“, - განმარტავს გიორგი აბაკელია.

Bolt-ის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კომპანია სრულად პასუხობს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

„უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ვიცავთ, ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორ მძღოლებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მძღოლს აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, შემოწმებისა და კონსულტაციის მიზნით, შეუძლიათ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ექიმთან მისვლა, "ევექსის" კლინიკაში. თუ ჩვენს მგზავრს/მძღოლს დაუდასტურდა ვირუსის შემთხვევა, დაუყოვნებლივ იქნება ინფორმაცია გადაცემული ჯანდაცვის ორგანიზაციაზე ყველა იმ მგზავრობის შესახებ, რომელიც ამ კონკრეტული ადამიანის მიერ განხორციელდა.

ამასთან, პერიოდულად ხდება მძღოლებზე სადენზინფექციო ხსნარების მიწოდება, რათა მოხდეს არა მხოლოდ ხელების, არამედ მანქანაში არსებული ყველაზე ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი.

BM.GE-ის კითხვაზე - შეიცვალა თუ არა თქვენი პარტნიორი ტაქსის მძღოლების რაოდენობა, გიორგი აბაკელია ამბობს, რომ მათი პარტნიორი მძღოლები ერთგვარად გააქტიურდნენ კიდეც.

„პარტნიორი მძღოლები აქტიურად განაგრძობენ სამუშაო საათებში მომსახურების გაწევას. როგორც იცით, დავნერგეთ ახალი სერვისი, რამაც განაპირობა მათი დაინტერესება და გააქტიურება. აქედან გამომდინარე, ნაწილი მძღოლების ორიენტირებულია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანაზე, ნაწილი კი გადის ტრენინგს ახალი საკურიერო მომსახურების გასაწევად“, - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა