მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბონუსები აცრისთვის: რას სთავაზობენ მოქალაქეებს ვაქცინაციის სანაცვლოდ სხვადასხვა ქვეყანაში?

60d21e4bd40b9
მარიამ ადამია
23.06.21 00:25
997
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მთელ მსოფლიოში გრძელდება, თუმცა ზოგ ქვეყანაში ტემპი სასურველზე დაბალია. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში თავიანთი წვლილის შეტანას ბიზნესმენებიც ცდილობენ, რომლებიც აცრილებს სხვადასხვა საჩუქრებს სთავაზობენ.

მაგალითად აშშ-ში ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა "მოქმედების თვე". როგორც Forbes-ი წერს, ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაჩქარებას ისახავს, იმისათვის, რომ დამოუკიდებლობის დღეს, ანუ 4 ივლისს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრილი შეხვდეს. თუკი პრეზიდენტის მიზანი შესრულდება დათქმულ თარიღამდე, ლუდსახარში კომპანია Anheuser-Busch-ი ყველა ამერიკელს 21 წლის ზევით თითო კათხა ლუდს უფასოდ დაურიგებს. აცრილ ამერიკელებს უფასოდ ურიგებენ ღვინოს და კოქტეილებს ვაშინგტონის შტატშიც. 

ვაქცინაცია ასევე სტიმულირდება ფულითაც და რამდენიმე შტატში ლატარეაც დაიწყო, ასე რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იცრება ნიუ-იორკში, აქვს შანსი 5 მილიონი დოლარი მოიგოს. ოჰაიოში კი 5 იღბლიანს მილიონი დოლარი გადაეცემა, ხოლო მერილენდში 40 ათასი თამაშდება.

ვაქცინაციაში აქტიურად არის ჩართული თეთრი სახლი და სასაჩუქრე ბარათებს, უფასო არდადეგებსა და სხვადასხვა აქციას აწყობს მოსახლეობის წახალისებისთვუს. აშშ-ის ხელისუფლება მოქალაქეების წახალისებას უჩვეულო მეთოდითაც ცდილობს. მთელი რიგი გაცნობის საიტების, მათ შორის „ტინდერის“,„ჰინგეს“ და „ბამბლის“ იმ მომხმარებლებს, რომელებიც დაამტკიცებენ, რომ აცრილი არიან, პრემიუმ-კონტენტზე წვდომა უფასოდ მიეცემათ და სხვა პრივილეგიებიც მიენიჭებათ. „ტინდერის“ წარმომადგენლის თქმით, საიტი ღიაა მოლაპარაკებისათვის სხვა ქვეყნებთანაც.

უჩვეულო გზით ცდილობს ადამიანების წახალისებას მიჩიგანის შტატში მდებარე სათბურიც, რომელიც აცრილ ადამიანებს უფასო მარიხუანას სთავაზობს. მოქალაქეების წახალისების გაცილებით ჯანსაღ გზას მიმართავენ დუბაიში, სადაც აცრილი ადამიანები საჩუქრად სპორტდარბაზის აბონემენტს იღებენ.

ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში კი აცრილებს უფასოდ მიართმევენ ბირიანს - აღმოსავლურ კერძს ბრინჯით და ხორცით. ასევე ინდოეთში, უფრო კონკრეტულად კი გუჯარათში, აცრილ ქალბატონებს საჩუქრად ცხვირის რგოლებს გადასცემენ, რომლებიც ოქროსგანაა დამზადებული.

მსგავს აგრესიულ კამპანიას აწარმოებენ სერბეთშიც ხელისუფლების წარმომადგენლები და 16 წლის ზევით მოქალაქეებს, რომლებიც მიიღებენ კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ დოზას 3000 სერბულ დინარს აძლევენ. რაც შეეხება მონღოლეთს, ჯილდო აქაც დააწესეს აცრილებისთვის და თითოეული მოქალაქე ადგილობრივ ფულს, 50 ათას ტუგრიკს იღებს. ხოლო პოლონეთში 1 ივნისს ჩაეშვა პროგრამა, რომლის თანახმადაც, იღბლიანი ადამიანი, რომელიც აცრილთა სტატისტიკაში 2 ათასს გაუტოლდება ფულად პრიზს მიიღებს.

ტაილანდის ჩრდილოეთით, მეი ჩაემის მიდამოებში ადგილობრივი ხელისუფლება ივნისიდან, ექვსი თვის განმავლობაში, ყოველ მეშვიდე დღეს ვაქცინირებულთა შორის ირჩევს ერთ იღბლიანს, რომელსაც საჩუქრად ძროხას გადასცემს. მედიის ცნობით, კონკურსის გამოცხადების შემდეგ, ვაქცინაციაზე განაცხადების რაოდენობა რამდენიმე დღეში ათასობით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივამ გაამართლა.