მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა - თიბისი კაპიტალი

6200e5cea063a
მარიამ ვარადაშვილი
07.02.22 14:18
10608
“თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა. რაც შეეხება გამყარების მიზეზებს ორგანიზაცია ამას მკაცრი მონეტარული პოლიტიკით, მზარდი სავალუტო შემოდინებებითა და თავად ლარის გამყარებით ხსნის, რაც მოლოდინებზე დადებითად აისახება.

ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში წერია, რომ ბოლო პერიოდში სახეზეა უფრო მეტი ინვესტირება ლარის დეპოზიტებში და ამავდროულად მეტი სავალუტო დაკრედიტება, განსხვავებით იმ პერიოდებისაგან, როდესაც ორივე შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია ლარის გაუფასურებას იწვევდა.

რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, ამ მხრივ “თიბისი კაპიტალი” დეკემბრის მონაცემებს გამოყოფს. იანვარში კი ტურიზმის აღდგენის დაჩქარებას პროგნოზირებს. ორგანიზაციის განცხადებით, მართალია, ჯერჯერობით არარეზიდენტების მიერ დეკემბერსა და იანვარში ლარში ინვესტირების მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებითაც აქტივობა მაღალი იყო. ფისკალური კომპონენტი კი, იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერში დეფიციტი ტრადიციულად მაღალი იყო, ლარის გამყარების განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნებოდა.

“სადღეისოდ, როგორც დოლარის, ასევე განსაკუთრებით ეფექტური კურსის მხრივ უფრო ძლიერი ლარისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის ჩვენი წინა პროგნოზით დაშვებული მაჩვენებლები დაახლოებით იმავე დონეზეა, 2022 წლის ბოლო პერიოდის ინფლაცია უფრო სამიზნეზე დაბლა, ვიდრე მასთან ახლოსაა. ამდენად, ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის, ვიდრე ეს 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის ჩვენს ბოლო პროგნოზშია ასახული”,-წერია “თიბისი კაპიტალის” მიმოხილვაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება.