მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომი“ დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალ პირობებს სთავაზობს - რა ელით თანამშრომლებს?

6270fdfd7098a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 15:00
2481
მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „ბორჯომი“ წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ, დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალ პირობებს სთავაზობს, რაც სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების ცვლილებას მოიცავს. აღნიშნულის შესახებ აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

პროფკავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, პროფკავშირი „აი დი ეს ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებული 400 პირის ინტერესებს იცავს. გიორგი დიასამიძე განმარტავს, რომ ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ერთ-ერთი მეწილის სანქცირების შედეგად შექმნილ მდგომარეობას აცნობიერებენ და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დამსაქმებლის შემოთავაზებულ პირობებს დათანხმდებიან, თუ ხელშეკრულება 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„დამსაქმებლის მიერ განახლებულ შემოთავაზებაში საუბარია სახელფასო ანაზღაურების ცვლილებაზე, კონკრეტულად თუ დასაქმებულებს უნდა ემუშავათ და კომპანიის ბრალეულობით არ მუშაობდნენ, მათ უნდა ხელფასის 100% უნდა მიეღოთ, ახლა დამსაქმებელი ეუბნება, რომ თუ "იძულებით მოცდენა" იქნება, მაშინ ისინი ხელფასის 50%-ს მიიღებენ, გარდა ამისა ახალი ხელშეკრულებით, ზეგანაკვეთურ შრომაში ისინი ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125% მიიღებენ. ასევე საუბარია პრემიებსა და დასვენების დღეებზე.

დასაქმებულები ამ პირობებზე თანხმდებიან, თუმცა ამბობენ, რომ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ შეთანხმების ვადა 3 თვით განისაზღვრება და ამის შემდეგ იმავე პირობებს დაუბრუნდებიან, როგორიც აქამდე იყო.

თუ ამ პერიოდში კომპანია ვერ შეძლებს პრობლემების მოგვარებას, ისინი მზად არიან, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით იმავე პირობებით ისევ 3 თვით გააგრძელონ მუშაობა, სანამ პრობლემა არ მოგვარდება... გარდა ამისა, დასაქმებულთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, კომპანიამ "რეორგანიზაცია" არ განახორციელოს, რათა დაცული იყოს თითოეული სამუშაო ადგილი და რეორგანიზაცია არ იქნას გამოყენებული დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად“, - აცხადებს გიორგი დიასამიძე.

პროფკავშირის ინფორმაციით, კომპანიამ დასაქმებულებს შემოთავაზებული პირობების ხელმოსაწერად დრო 3 მაისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეორგანიზაცია დააანონსა, რასაც თანამშრომლები შანტაჟად აღიქვამენ.

მისივე თქმით, 3-თვიანი მინიმალური გარანტიის არარსებობის შემთხვევაში, დასაქმებულები უარს აცხადებენ, შემოთავაზებული პირობების ხელმოწერაზე. კონკრეტულად კი თანამშრომლებს სურთ, დაელოდონ პრემიერმინისტრის განცხადებას - რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საწარმოსთან დაკავშირებით, რადგან პრემიერმა ამ მიმართულებით "სასიამოვნო სიახლე" დააანონსა. 

პროფკავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიასთან კომუნიკაციის პროცესში არიან, თუმცა საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა.

BM.GE-მ საკითხში გასარკვევად "აი დი ეს ბორჯომსაც" მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ „აი დი ეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.