მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები სასამართლოში იჩივლებენ - პროფკავშირები

62a1e710badb9
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.22 16:52
826
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი IDS ბორჯომი საქართველოს მიერ 50 გათავისუფლებული დასაქმებულისა და გაფიცული თანამშრომლების უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს. ამის შესახებ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ BM.GE-ს განუცხადა.

მისი თქმით, დასაქმებულების გაფიცვა მეათე დღეა მიმდინარეობს, თუმცა დაპირებების მიუხედავად დასაქმებულებს გასული ორი თვის ხელფასიც არ მიუღიათ. გიორგი დიასამიძე ამბობს, ხვალ პროფკავშირები დასაქმებულების დასაცავად ბორჯომის ან ახალციხის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

„საუბარია 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის შრომითი უფლებების აღდგენასა და 250-მდე ადამიანისთვის ორი თვის ხელფასის დარიცხვაზე. ამ ადამიანებმა კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების კაბალურ პირობებს არ მოაწერეს ხელი და სწორედ ამიტომ არ დაურიცხა კომპანიამ კუთვნილი შრომითი ანაზღაურება. ჩვენ გაფიცვისა და სასამართლოს გზით ვიდავებთ მათი უფლებების დასაცავად, სანამ ეს უფლებები არ აღუდგებათ“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

აღსანიშნია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის მეორე ტური დაიწყო, რომელიც გუშინ დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დასაქმებულები მზად არიან მედიაციაში ჩასართავად, თუ მათი პოზიციები გათვალისწინებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბორჯომის" წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

დღეს „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს კი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. მან განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი კომპანიის მხრიდან თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციის გამო შესწავლას დაიწყებს.