მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამის სახით მეწარმეს 200 000 ლარი მოსთხოვეს

5e5a1030ad310
ინგა მურუსიძე
29.02.20 11:12
907
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი დააკავა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.