მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომში“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების შეხვედრა გაიმართება - შრომის ინსპექცია

629dd1fa66c6a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 13:59
747
შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით კომპანია „ბორჯომის“ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრესრელიზში არ ზუსტდება, როდის გაიმართება შეხვედრა და აღნიშნულია, რომ ეს პროცესი მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის წარიმართება.


„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "IDS ბორჯომი საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო.

შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომის" მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.

კომპანიის მხრიდან წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.