მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრენდი "მარიანო" ხელოვნების მოყვარულთათვის სივრცის მოწყობას გეგმავს

5e406f82e5ba6
ნუცა ბაზლიძე
10.02.20 09:45
1615
ბრენდი "მარიანო", რომელიც მომხმარებლებს სპილენძითა და ბუნებრივი ქვებით შექმნილ ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს სთავაზობს, სიახლისთვის ემზადება. ამის შესახებ BM.GE-ს ბრენდის თანადამფუძნებელმა თეა რუაძემ აცნობა.

"მარიანოს" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენივე სახელოსნოდან, სადაც მოწყობილი გვაქვს სტუმრების მისაღები მყუდრო სივრცე. ამჟამად არსებული სახელოსნო-მაღაზია უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, 2-3 თვეში, გადაინაცვლებს თბილისის ყველაზე ზღაპრულ და ისტორიულ გარემოში - სოლოლაკში, გუდიაშვილის ბაღთან მდებარე ჩვენივე საკუთრებაში არსებულ ისტორიულ შენობაში მდებარე სალონური ტიპის გალერეაში. გალერეაში წარმოდგენილი იქნება ჩვენთვის ღირებული, სხვა ბრენდების მიერ შექმნილი ნივთებიც", - აღნიშნავს ბრენდის თანადამფუძნებელი.

ბაზარზე კონკურენციის საკითხთან დაკავშირებით, "მარიანოს" თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ მათი სამკაულები ტექნოლოგიური თვალსაზრისით ნოვატორულია, რაც მათ გამორჩეულ ვიზუალზე აისახება.

"ნივთების ვიზუალით ცალსახად მიხვდებით, რომ ეს "მარიანოს" ნამუშევარია. გამორჩეულია თავად ძირითადი მასალა - სპილენძი, ჯანმრთელი და შეიძლება ითქვას, სასარგებლო თვისებების მატარებელი მეტალი, რომელზეც მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ", - აღნიშნავს "მარიანოს" თანადამფუძნებელი.

თეა რუაძესთან ერთად, ბრენდის თანადამფუძნებელია მისი მეუღლე ბონდო შენგელია, რომელიც დიზაინერის ფუნქციას ითავსებს და პროდუქციის დამზადებისას, მთავარი მოქმედი პირია. როგორც გავარკვიეთ, პირველი ნივთი სწორედ დიზაინერის პირადი სახსრებით შეიქმნა, ბიზნესის განვითარების სასტარტო კაპიტალი კი ბრენდს პირველი კოლექციის რეალიზების შემდეგ გაუჩნდა.

ამასთან, ბრენდის თანადამფუძნებელმა BM.GE-ს ბაზარზე შექმნილი გამოწვევების საკითხიც განუმარტა და აღნიშნა, რომ ძირითად სირთულეს მასალის მწირი არჩევანი ქმნის, "მარიანო" კი არასტანდარტული ფორმის ქვებზეა ორიენტირებული.

ცნობისთვის: "მარიანო" მე-4 წელია, რაც არსებობს. ბრენდის ფარგლებში შეხვდებით როგორც ქალის, ასევე მამაკაცის აქსესუარებს. პროდუქციის ფასი, ძირითადად, 40-150 ლარის ფარგლებშია, თუმცა ტექნოლოგიის სირთულის თვალსაზრისით, კერძო შემთხვევებში შეხვდებით 250 ლარის ღირებულების აქსესუარებსაც. გარდა მაღაზიისა, მომხმარებელს "მარიანოს" აქსესუარების შეძენა ონლაინ შეკვეთების საშუალებითაც შეუძლია (Mariano's Handmade Jewelry - მარიანოს ხელნაკეთი სამკაულები; Instagram - marianoshandmadejewelry).