მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანელებმა აშშ-ის არჩევნების შედეგებზე $284 მლნ-ის ფსონი დადეს

5fa18c7e738cb
თათია კაკიაშვილი
03.11.20 23:20
1978
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც დღეს გაიმართება, ამერიკელებთან ერთად, ბრიტანელებიც მოუთმენლად ელიან. უფრო მეტიც - ამ არჩევნების შედეგებზე ბრიტანელები ფსონად რეკორდულ თანხას დებენ, რაც ბევრად განსხვავდება ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაზე ან თუნდაც საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაზე დადებული თანხის ოდენობისგან: გასული კვირის მონაცემებით, ლონდონში დაფუძნებულ კომპანია Betfair Exchange-ზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ონლაინფსონების გაცვლას აწარმოებს, 220 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ანუ დაახლოებით 284 მილიონი დოლარი იყო გადახდილი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკის ბევრ შტატში მოქალაქეებს სპორტულ ღონისძიებებზე ფსონების დადება თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე - არა, რადგან, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად ითვლება.

CNN-ის ინფორმაციით, ის თანხა, რაც აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონად დაიდო, ტრამპი-კლინტონის პაექრობის 4 წლის წინანდელ რეკორდს, ანუ მთლიანობაში 199 მილიონ გირვანქა სტერლინგს ბევრად აღემატება. დიდ ბრიტანეთში კი ყველაზე დიდი ფსონი 113 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო და ის 2016 წლის Brexit-ის კენჭისყრაზე დაიდო. Betfair-ის პროგნოზით, აშშ-ის არჩევნებისთვის გადახდილი თანხა შესაძლოა, 400 მილიონი ფუნტი იყოს.

აზარტული თამაშების სექტორში ამბობენ, რომ ფსონებით განსაკუთრებით პოლიტიკური მოთამაშეები ინტერესდებიან, ეს “სპორტული ინტერესის აღმძვრელი თამაში” კი გაგრძელდება, სანამ გამარჯვებული არ გამოვლინდება.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებზე დადებული თანხა უფრო მეტია, ვიდრე Betfair-ზე დადებული ფსონი ოთხი ყველაზე საინტერესო სპორტული ღონისძიებისთვის: 2017 წლის ფლოიდ მეივეზერ უმცროსი კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ კრივში, 2018 წლის მსოფლიო თასი, 2019 წლის ცხენების ეროვნული რბოლა და 2020 წლის სუპერ თასი.

ვინც ფიქრობს, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი კვლავ დონალდ ტრამპი იქნება და 10 ფუნტიან ფსონს დებს, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, 18,80 ფუნტს მოიგებს; თუ ფსონი ჯო ბაიდენზე გაკეთდება, მოგება 5.26 ფუნტი სტერლინგი იქნება. პოლიტიკური პროგნოზირების საიტის FiveThirtyEight.com-ის გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენს გამარჯვების 89%-იანი შანსი აქვს, ეს გასული კვირის შედეგებია, მანამდე კი, ამავე გამოკითხვით ვარაუდობდნენ, რომ ტრამპს გამარჯვების 34,8%-იანი შანსი ეძლეოდა.
ამ წინასწარი განწყობების მიუხედავად, ორჯერ მეტი ინდივიდუალური ფსონი კეთდება ტრამპზე, ვიდრე ბაიდენზე, თუმცა ამ უკანასკნელზე მეტი ფული და მეტი ფსონი მოდის.