06.მარტი .2021 00:30

ბრიტანეთი Apple-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

ბრიტანეთი Apple-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
views 351
უკან

დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოში წამყვანი სმარტფონების მწარმოებელი Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. Apple-ს მცირე ბიზნესი და ვებდეველოპერები მონოპოლიურ ქმედებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, Apple-ი ბოროტად იყენებს საბაზრო პოზიციას და ზღუდავს კონკურენციას, რაც სათანადო გამოძიებას საჭიროებს.

კომპანია Apple-ის წინააღმდეგ გამოძიებები აშშ-ში, ევროკავშირსა და ავსტრალიაშიც მიმდინარეობს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია Facebook-ის სარჩელი.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი Apple-ს ორმაგი სტანდარტების დაწესებასა და სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, Apple-ი რეგულარულად არღვევს წესებს და ბოროტად იყენებს ძალაუფლებას.

Apple-ის კრიტიკოსთა შორისაა კომპანია Epic Games, Spotify და Match Group-იც. ამ შემთხვევაშიც, Apple-ს ანტიკონკურენტულ ქმედებაში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით კი საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით.

"გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების სააგენტო უერთდება მარეგულირებელი ორგანოების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც მხარს უჭერენ გამოძიების დაწყებას Apple-ის App Store-ის შესახებ. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით აღნიშნულ ქმედებას, რადგან Apple-ის ანტიკონკურენტული ქცევა საზიანოა არა მხოლოდ Spotify-ისთვის, არამედ აპლიკაციების სხვა შემქმნელებისათვისაც მთელს მსოფლიოში", - აღნიშნულია Spotify- ის განცხადებაში.