მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი საქართველოს რუსული კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად 5 მლნ ფუნტის დახმარებას გამოუყოფს

62bc91a66dc71
ალა ისპირიანი
29.06.22 22:03
1594
გაერთიანებული სამეფო საქართველოს რუსული კიბერშეტევებისგან დაცვაში მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის 5 მლნ ფუნტზე მეტი გამოიყოფა.

"ეს დაეხმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ახალი კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში, რათა შეძლოს თავდასხმების იდეტიფიცირება და ჩახშობა იმათგან, რომლებიც ქართული და ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. დიდი ბრიტანეთი ასევე პირდაპირ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს, რათა გააძლიეროს მათი კიბერთავდაცვის შესაძლებლობები", - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიტანეთმა საქართველოს მხარდაჭერის შესახებ NATO-ს სამიტის ფარგლებში გამოაცხადა. 

„საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად რუსული აგრესიის წინა ხაზზე უწევს ცხოვრება. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები თავისი კიბერ შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

"ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ", - დაწერა ბორის ჯონსონმა, ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“.