მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ეკონომიკა III კვარტალში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

63a40f6a6035d
გიორგი თოლორდავა
22.12.22 12:11
464
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 0.3%-ით შემცირდა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული დაზუსტებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინასწარ მონაცემებთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის კლება, შესაძლოა, იმ რეცესიის დასაწყისი იყოს, რომელსაც ინგლისის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რეცესიის დაწყებას პროგნოზირებს, რომელიც შესაძლოა, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა უაღრესად რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდეს.

რეცესიულის რისკების ზრდის მთავარ განმაპირობებელ მიზეზებად ევროპის მასშტაბით მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციური წნეხის ზრდა და მის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრება სახელდება.

ცნობისთვის, გასულ კვირას ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 3.50%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.7%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ორნიშნა ინფლაცია მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკებს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა საკმაოდ ხანგრძლივ და მწვავე რეცესიაში გადავიდეს.