10.სექტემბერი .2020 18:42

ბრიტანეთის საელჩო ანაკლიის და “კავკასუს ონლაინის” საკითხს ყურადღებით აკვირდება

views 506
უკან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ვენდი მორტონმა გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით კითხვით ლეიბორისტული პარტიის წევრმა ქეთრინ უესთმა მიმართა. დეპუტატის კითხვა საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ინვესტორების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა, რომლის მაგალითადაც ქეთრინ უესთს ანაკლიისა და “კავკასუს ონლაინის” შემთხვევები მოყავს.

დეპუტატ ქეთრინ უესთის კითხვა საქართველოს ბიზნესკლიმატთან დაკავშირებით:

“რა ნაბიჯებს დგამს საგარეო საქმეთა მინისტრი იმისთვის, რათა ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი (Good Governance Fund) საქართველოში ფოკუსირებული იყოს ა) ანტიკუროფციულ და ბ) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე; ამასთანავე რა ინფორმაციას ფლობს ის საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ინვესტორების წინააღმდეგ უკანასკნელ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით? მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტთან და “კავკასუს ონლაინთან” მიმართებით?”

ამ კითხვის პასუხად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ვენდი მორტონი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი ქვეყანაში საჯარო ადმინისტრირების რეფორმის განხორციელებაზე არის ფოკუსირებული, ხოლო დეპუტატის მიერ წამოჭრილ ბიზნეს დავებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს.

“ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი (GGF) საქართველოში ფოკუსირებულია საჯარო ადმინისტრირების რეფორმასა და ქვეყანაში საპარლამენტო კონტროლის განმტკიცებაზე, რაც ინსტიტუციური სისუსტეების აღმოფხვრისა და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ამასთანავე, საქართველოში არსებული პროგრამა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორსო ინვესტორებს შორის დიალოგის განმტკიცებას ისახავს მიზნად, რაც ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ამასთანავე, ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი მუდმივად ახდენს მის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგსა და შედეგების შეფასებას, რათა საქართველოში განხორციელებული პროექტები სრულად პასუხობდნენ ფონდის პრიორიტეტებს.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო იცნობს და ყურადღებით აკვირდება ანაკლიის პორტისა და “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საელჩო ამ საკითხებთან მიმართებით დაკვირვებას მომავალშიც განაგრძობს,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნის მიერ გაცემულ პასუხში.

შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება ცალმხრივად 2020 წლის იანვარში მოშალა. ამ გადაწყვეტილებამდე თვეებით ადრე კონსორციუმი აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტის მუდმივი საბოტაჟირებით იყო დაკავებული, რის მაგალითსაც კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ სამართლო პროცესები და მთავრობის წევრთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდნენ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ სააბრიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ განცხადება 30 ივლისს გააკეთა. კონსორციუმის მსგავსად სააბრიტრაჟო სასამართლოს მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმაც, ბობ მეიერმაც მიმართა.

“კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენები კი ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფანის განვითარების საკითხს უკავშირდება. აზერბაიჯანული NEQSOL ჰოლდინგი, რომლემაც “კავკასუსის” მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა. “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისა და კასპიის ზღვის ფსკერზე მშენებარე ახალი კაბელის მეშვეობით ახალი ციფრული მაგისტრალის შექმნას გეგმავს, რომელიც აზიაში მილიონობით აბონენტს ინტერნეტთან საქართველოს გავლით დააკავშირებს. თუმცა, გარიგება, რომლითაც NEQSOL-მა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეიძინა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებლის შეფასებით უკანონო იყო, რადგანაც ის წინასწარ არ ყოფილა კომისიასთან შეთანხმებული.

კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე “კავკასუს ონლაინს” 270,000 ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა და 20 სექტემბრისთვის კომპანიას მისი წილების ნასყიდობის გარიგების შეცვლა დაავალა.

თავისმხრივ, NEQSOL Holding-ი აღნიშნავს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ისევე როგორც, კომუნიკაციების კომისია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” წილი შეეძინათ.

NEQSOL-თან მიმდინარე დავის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები გაფართოვდა მას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცა. სპეციალურ მმართველს კი უფლება აქვს დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტოთა საბჭოს წევრები, გაწყვიტოს კავშირები კონტრაქტორებთან, შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილების პროცესი, ასევე შეასრულოს სხვა ფუნქციები კომპანიის მმართველობაში.

თუკი 20 სექტემბრისთვის “კავკასუს ონლაინის” მეწილეთა რიგებში ცვლილებები არ შევა, მარეგულირებელმა კომპანიაში შესაძლოა სპეციალური მმართველი დანიშნოს. რამდენიმე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შეფასებით, მსგავსი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს კერძო საკუთრების ექსპროპრიაციად, რაც საქართველოს ბიზნესკლიმატის კიდევ უფრო გააუარესებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა