22.აგვისტო .2019 16:45

ბრიტანეთის საელჩო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება

views 3302
უკან

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ამის შესახებ "აქცენტს" ბრიტანეთის საელჩოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის კომენტირებისას განუცხადეს.

"როგორც ადრეც განვაცხადეთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ შეძლოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად", - განუცხადეს "აქცენტს" საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკის" საქმეზე დღეს ბრალი "TV პირველის" მფლობელის მამას, ბიზნესმენს ავთანდილ წერეთელსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყება წერეთელს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა