მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში Covid-ვაქცინა შესაძლოა, საშობაოდ გამოვიდეს

5f8dd03f03922
თათია კაკიაშვილი
19.10.20 23:30
1016
დიდ ბრიტანეთში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის Covid-ვაქცინა, შესაძლოა, ხელმისაწვდომი საშობაოდ გახდეს. ინფორმაციას BBC დიდი ბრიტანეთის ვაქცინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შეზღუდული იქნება იმ მოქალაქეების სია, ვისაც ვაქცინა გაუკეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა გადაწყვეტს, ვინ და როდის აიცრება.

ბრიტანეთის ვაქცინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ქეით ბინგემის თქმით, ვაქცინა ე.წ. “ვერცხლის ტყვია” არ არის და, შესაბამისად, მისი მიღება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება ძველ რელსებს ერთ ღამეში დაუბრუნდება. ასევე, ნაკლებ სავარაუდოა ისიც, რომ კოვიდ-ვაქცინა ინფექციისგან ყველას დაიცავს.

ამ განცხადების მიუხედავად, ბინგემი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ მოიძებნება ვაქცინა, რომელიც "ზოგიერთ ადამიანს დაინფიცირებისგან დაიცავს და სიმპტომების სიმძიმეს შეამსუბუქებს". რაც შეეხება რევაქცინაციას, ვაქცინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ამას პრაქტიკულად გამორიცხავს.

„მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება შესაძლებელი მრავალჯერადი აცრების გაკეთება, ისიც - რამდენიმე წელიწადში ერთხელ”, - აცხადებს ქეით ბირგემი.

ვაქცინაციის და იმუნიზაციის შერეული კომიტეტი ვაქცინის განაწილების დროს პრიორიტეტს მოხუც მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ანიჭებს.

საგულისხმოა, რომ ამჟამად მსოფლიოში ასობით ვაქცინის კვლევა ტარდება, მათ შორის ექვსი - დიდ ბრიტანეთში მუშავდება. დღემდე ყველაზე დიდი პროგრესი ოქსფორდის ვაქცინას აქვს.

ასევე, სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას შეცვლის კოვიდ-ვაქცინა, რათა ადეკვატური მოლოდინები არსებობდეს. საგულისხმოა ისიც, რომ სხვადასხვა პოპულაციას, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის ვაქცინა დასჭირდება.
მთავარ შეკითხვაზე - როდის დაუბრუნდება მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რიტმს - პასუხი ჯერ კვლავ არ არსებობს, რადგან ჯერ კიდევ უცნობია, რა ტიპის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და - როდის. ასევე, უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება კოვიდ-ვაქცინა და ყველაზე უკეთ რომელ ასაკობრივ ჯგუფზე იმუშავებს.

ქეით ბინგემი იმედოვნებს, რომ 2022 წლისთვის მაინც აღარ იქნება საჭირო პირბადეების ტარება და არც - ოჯახური ვახშმების შეზღუდვა. „სწორედ ვაქცინის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა მომავალ წელს საზაფხულო შვებულებით დავტკბეთ და იქნებ სხვა ქვეყნებში გამგზავრებაც უსაფრთხოდ მოვახერხოთ“, - აცხადებს ბირგემი.