მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ფასების ზრდის ტემპი შენელდა - ინფლაციამ 9.9% შეადგინა

6321776ac4c5a
გიორგი თოლორდავა
14.09.22 10:43
439
აგვისტოში გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მოულოდნელად შენელდა და წლიურმა ინფლაციამ 9.9% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე (10.1%) და 0.3 პპ-ით ნაკლები ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულზე.

საბაზო ინფლაციის დონე, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, წლიურ 6.3%-იან ნიშნულზეა, რაც 0.8%-ით მეტია ივლისის მაჩვენებელზე, თუმცა ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, უმეტესწილად, ენერგორესურსების, სურსათისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდითაა გამოწვეული.

ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 13.3%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.

საგულისხმოა, რომ მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს - მარეგულირებელმა წინა სხდომაზე უკვე მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 1.25%-იან ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი წლის განმავლობაში არაერთ ინტერვენციას განახორციელებს და მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად გაამკაცრებს.

ცნობისთვის, ინგლისის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გასაჯაროვდება და, სავარაუდოდ, კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 50-75 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ეკონომიკის ზრდის ტემპი - მიმდინარე წლის I კვარტალში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა; II კვარტალში კი მშპ 0.1%-ით შემცირდა.

„გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება, რაც რამდენიმე ძირითადი გამოწვევითაა განპირობებული, მათ შორისაა: მაღალი ინფლაციის დონე, შემოსავლების შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა HSBC-ის მაკრო და საინვესტიციო სტრატეგოსმა ჰუსეინ მეჰდიმ.