მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ღვინის გაყიდვები 5-ჯერ გაგვეზარდა - ქართულ-ბრიტანული სტარტაპი

5ea42e7104a73
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.20 10:10
2110
ქართულ-ბრიტანულმა ქართული ღვინის სტარტაპმა ოპერირება წელიწადნახევრის წინ დაიწყო და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ანზორ მანწკავას თქმით, ვირუსის გავრცელების შემდეგ ღვინის გაყიდვები ბრიტანეთში 5-ჯერ გაიზარდა.

ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა BM.GE-ს განუცხადა.

GvinoUK.com არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ქართველმა და ბრიტანელმა მეგობრებმა ბრიტანეთში ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნეს და ბიზნეს ხედვები და გეგმები გააერთიანეს.

„მარტივი ვებგვერდის შესაქმნელად დიდი რესურსი არ დაგვჭირვებია. ჩემი ბრიტანელი პარტნიორი ჩამოსული იყო საქართველოში და ერთობლივად შევარჩიეთ ის ღვინოები, რომელიც ამ მაღაზიაში გაიყიდებოდა. დაახლოებით 1.5 წლის წინ წავიღეთ 2 500 ბოთლი ღვინო და დავასაწყობეთ ოქსფორდში. დავიწყეთ ონლაინ მარკეტინგი, ფეისბუქით, ინსტაგრამით და ტვიტერით და გამოფენებზე სიარული.

ონლაინ თავიდან ძალიან ცოტა იყიდებოდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ ქართული ღვინის შესახებ, ძირითადად ღვინის გამოფენებზე ხდებოდა ღვინის რეალიზება და ჩვენი ღვინის წარდგენას იქაურ ბაზარზე. ნელ-ნელა დაიწყო ონლაინ გაყიდვებიც. ახლა კი დღე არ გავა, მინიმუმ სამი მომამხარებელი მაინც არ გვყვავდეს დღეში.

დღეისთვის 2500 ბოთლიდან დარჩენილი გვაქვს 800. თუ ვირუსის გავრცელებამდე ვებგვერდიდან თვეში 30 ბოთლი თუ იყიდებოდა, მხოლოდ ამ თვეში 150 ბოთლი გავყიდეთ“, - ამბობს ანზორ მანწკავა.

სტარტაპერი გაყიდვების ზრდის მიზეზად მათ ონლაინ დეგუსტაციის ღონისძიებას ასახელებს, რომელიც მათ ბრიტანელ მომხმარებელს შესთავაზეს.

„მას შემდეგ რაც დაიწყო COVID-19-ის გავრცელება, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ბრიტანეთში ონლაინ დეგუსტაცია. ქართველი მეღვინე ბრიტანეთში ჩვენი დეგუსტაციის დასწრების მსურველებს მოუყვებოდა ქართული ღვინის ისტორიასა და თვისებებს. დავიწყეთ ონლაინ ბილეთების გაყიდვა. ამ დროისთვის 30 ბილეთი გვაქვს გაყიდული. ბილეთის ღირებულება 55 ფუნტს შეადგენს და შედის სამი ბოთლი ღვინის მიტანა სახლში ინგლისის მასშტაბით. ღონისძიება 30 აპრილს არის დადგემილი, მანამდე კი ხდება ღვინის მიწოდება მონაწილეებისთვის.

ეს იყო სმარტ იდეა, ინგლისში ძალაინ ბევრმა არ იცის ქართული ღვინის შესახებ და მაშინ როდესაც იზოლირებულები ვართ სხვადასხვა აქტივობებისგან, ეს იდეა ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა ინგლისში. ჩვენ ღვინოს კი არ ვყიდით, ქართული ღვინის ისტორიას და შთაბეჭდილებებს ვყიდით და საიტიც ამ პრინციპით გვაქვს აწყობილი“, - აცხადებს ანზორ მანწკავა.