19.აგვისტო .2019 13:00

ბრიტანეთში შესაძლოა საწვავის, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დეფიციტი დაიწყოს

views 233
უკან

ევროკავშირის დატოვებამ დიდ ბრიტანეთში შესაძლოა საწვავის, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sunday Times-ი ავრცელებს. 

ის წერს, რომ მინისტრთა კაბინეტის ინფორმაციით, Brexit-ის შედეგად, შესაძლოა, ირლანდიის საზღვართან ვითარება გამწვავდეს და დაიწყოს მასობრივი პროტესტი, რასაც სავარაუდოდ, გზების დაკეტვა მოჰყვება. შედეგად კი, გაიზრდება სოციალური დაზღვევის ხარჯები და შეფერხდება საწვავის, წამლებისა და პროდუქტების მიწოდება.

ანალოგიური რისკის ქვეშ დგას ბრიტანეთი საფრანგეთის საბაჟოებთანაც, სადაც სატვირთო ავტომობილების დაახლოებით, 85%-ი შეფერხდება. ასევე შეფერხება შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს პორტებშიც.

დოკუმენტებში მითითებულია, რომ „მკაცრმა“ Brexit-მა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში ფასების ზრდა. ამასთან, შესაძლებელია საწვავის იმპორტზე გადასახადების გაზრდა, რაც ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვას და შედეგად სამუშაოს დაკარგავს ორი ათასზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, რაც ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია სამთავრობო კრიზისი და პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადადგომა. ბრიტანეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი, 23 ივლისს პირველი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სამეფო უახლოეს შემოდგომაზე დატოვებდა ევროკავშირს. საბოლოო თარიღად კი, 31 ოქტომბერი შეირჩა.