მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება

5ea1792fc1ba9
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.20 15:10
975
როგორც მედია გამოცემა BBC-ი წერს, ახალი კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში დაწესებული სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება. სამედიცინო საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მრჩეველი, პროფესორი კრის უიტი აცხადებს, რომ ბრიტანეთს სულ მცირე წლის ბოლომდე მოუწევს სოციალური შეზღუდვების ფონზე ცხოვრება.

პროფესორ კრის უიტის თქმით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ქვეყანა მოულოდნელად ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდება. მან ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი მეტად ეფექტიანი ვაქცინით ან პრეპარატით ამ დაავადების მკურნალობა იქნებოდა. თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზე მცირეა.

„ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება. ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში“, – განაცხადა მან კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე.

პროფესორი უიტი დასძენს, რომ საზოგადოება პიკის შემდეგ არ უნდა ელოდოს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის უეცარ კლებას.

„გრძელვადიან პერიოდში ამ სიტუაციიდან გამოსავალი იდეალურ შემთხვევაში ორიდან ერთი იქნება – ვაქცინა, რომლის პრაქტიკული გამოყენების ბევრი გზა არსებობს… ან ძალზე ეფექტიანი პრეპარატი, რათა ხალხი აღარ კვდებოდეს ამ დაავადების გამო მაშინაც კი, როდესაც ვირუსი შეეყრებათ ან მოხდეს მოწყვლად მოსახლეობაში ამ დაავადების პრევენცია“, – აცხადებს პროფესორი.

თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის ან პრეპარატის გამოგონებამდე ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდეს. სკოლებმა, ბიზნესის ნაწილმა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეიძლება, მუშაობა განაახლონ არც თუ ისე შორეულ მომავალში. ლუდხანები და რესტორნები ამ სცენარით ალბათ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალის ბოლოს მოექცევა.