მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში თაღლითური სატელეფონო ზარებით ზაფხულში 45 მლნ-მდე მომხმარებელი დაზარალდა

6176663e94bb4
თათია კაკიაშვილი
25.10.21 21:20
621
დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების რეგულირების კომპანია Ofcom-მა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში შემავალი ყველა ინტერნეტ ზარი, რომელიც რეალურად უცხო ქვეყნიდანაა, თუმცა ბრიტანულ ნომერს ჰგავს, დაიბლოკოს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ Ofcom-ის ინფორმაციით, კრიმინალები მსგავსი თაღლითური სატელეფონო ზარებით ცდილობენ, უამრავი ბიზნეს ოპერატორი და მოქალაქე დააზარალონ: ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ზაფხულში თაღლითური სატელეფონო ზარების მსხვერპლი 45 მილიონი მომხმარებელი აღირიცხა, რაც საგანგაშოდ მაღალი რიცხვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომუნიკაციების რეგულირების კომპანია Ofcom-ში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დრომდე სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან მთელი რიგი სამუშაო ოპერაციები მიმდინარეობს, მათ შორის - იბლოკება ყველა საეჭვო საერთაშორისო ზარი, რომელიც პოტენციურად შესაძლოა, თაღლითობის მონაწილე იყოს. სპეციალისტების განმარტებით, მომხმარებლების თაღლითობისგან დაცვა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. თუმცა, Ofcom-ში იმასაც ამბობენ, რომ პრობლემა ბრიტანეთის მთავრობის და პოლიციის კოორდინირებული ძალისხმევის გარეშე ვერ მოგვარდება.

რაც შეეხება მეთოდს, რომლის საშუალებითაც კრიმინალები მოქმედებენ, ასეთია: ისინი იყენებენ ე.წ. ინტერნეტზე დაფუძნებულ დარეკვის ტექნოლოგია VoIP-ს, რომელსაც ყოველწლიურად გლობალურად მილიონობით მომხმარებელი უფასო ან იაფი სატელეფონო ზარების განსახორციელებლად იყენებს.  ცნობისთვის, VoIP ტექნოლოგიას ასევე იყენებენ ისეთი პოპულარული აპლიკაციები, როგორებიცაა WhatsApp-ი, Skype, Zoom-ი და Microsoft Teams-ი. ამგვარად განხორციელებული ზარებით მომხმარებელთან ქვეყნის მიხედვით წინასწარ შერჩეული ნომრით ირეკება და მათი ანგარიშიდან თანხები იჭრება.

უსაფრთხოების ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზოგადად VoIP ტექნოლოგიის სრულად გათიშვა ან დაბლოკვა სწორი სტრატეგია არ არის, რადგან ამ მეთოდს ბევრი ბიზნესოპერატორი იყენებს შიდა კორპორატიული სატელეფონო ქსელებისთვის. მათი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, VoIP პროვაიდერების შემოწმება, ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი, კონკრეტული სუბიექტის ქსელიდან გათიშვა. ამ შემთხვევაში, საფრთხე აღარც ბიზნესოპერატორებისთვის იარსებებს და თაღლითობის აღკვეთაც შესაძლებელი გახდება.