27.მაისი .2022 17:20

ბრიტანული ცენტრი 19 წლისაა ®

ბრიტანული ცენტრი 19 წლისაა ®
views 1637
უკან

19 წლის წინ თბილისში, ერთ პატარა შენობაში, სადაც მხოლოდ 3 აუდიტორიის მოწყობა მოხერხდა, ბრიტანული ცენტრის წარმატების ისტორია დაიწყო. იმ დროისათვის, ინგლისური ენის სწავლების ქალანის მეთოდს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში იყენებდნენ, მაგრამ საქართველოში ამ მეთოდს არ იცნობდნენ და ბრიტანული ცენტრი იყო პირველი სკოლა, რომელმაც საქართველოში ქალანის მეთოდით სწავლება დანერგა. აღნიშნულით ცენტრმა ინგლისური ენის შესწავლის სფეროში ძირეული გარდატეხა მოახდინა. პროფესიონალი პედაგოგებისა და მეთოდის ეფექტურობის შედეგად, ბრიტანულმა ცენტრმა სწრაფადვე მოიპოვა მომხმარებლების ნდობა და ფილიალები ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნა.

ქალანის მეთოდის პოპულარობის ზრდასთან ერთად, გაჩდნენ ისეთი დაწესებულებები, რომლებიც მეთოდს არალიცენზირებულად იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციასთან (CMO) ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, 2015 წელს, ბრიტანულ ცენტრს საქართველოს ტერიტორიაზე ქალანის მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური უფლებამოსილება მიენიჭა.

ბრიტანული ცენტრის 19 წლიან ისტორიაში წარმატების მაგალითები საკმაოდ ბევრი იყო.

ფილიალების გახსნის პარალელურად, ცენტრის ბაზაზე, 2012 წელს თბილისში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა დაარსდა. ინოვაციური და კომპლექსური მიდგომის გამოყენებით, სკოლამ მოსწავლეების ინტელექტუალურ, სოციალურ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია. გასაკვირი არ არის, რომ წმ. ნიკოლოზის სკოლაში პირველად დაინერგა ინგლისური ენის სწავლების კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა - Super Minds. მეთოდმა იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ მოგვიანებით ბრიტანულ ცენტრში კურსების სახით დაინერგა და უფრო მეტი ბავშვისათვის გახდა ხელმისაწვდომი.

2016 წელს ბრიტანულმა ცენტრმა სტუდენტური ოლიმპიადა - BC Challenge ჩაატარა, რომელიც უპრეცედენტო საპრიზო ფონდით, გამარჯვებულთა გამოვლენისა და დაჯილდოების უნიკალური სისტემით გამოირჩეოდა.

2018 წელს ინტერნეტ სივრცეში ახალი ონლაინ-ლექსიკონი BCdictionary გაეშვა. აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვაც ხელმისაწვდომია.

ბრიტანული ცენტრისთვის გამოწვევებით სავსე იყო Covid-19-ის პანდემიის პერიოდი. ცენტრს იმ დროისათვის ონლაინ სწავლების გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვილი ჰქონდა, რადგანაც ამ მიმართულებით მომხმარებლებისგან, განსაკუთრებით კი ემიგრანტებისგან, მუდმივად იყო მოთხოვნა. შედეგად, ცენტრმა სწრაფად შეძლო დისტანციური სერვისის დახვეწა და სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა.

ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციას (CMO) მრავალი წელია აპრობირებული აქვს ქალანის მეთოდით „ონლაინ“ რეჟიმში სწავლება, გარდა პედაგოგთან ვიდეო გაკვეთილებისა, შექმნილია დისტანციური სწავლების ისეთი არხები, როგორებიცაა: ინტერაქტიული სწავლების „ონლაინ“ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ როგორც სტანდარტული, ისე ვიდეო-აუდიო სავარჯიშოების ინტერაქტიულ რეჟიმში შესრულება, შექმნილია იგივე ფუნქციონალის მობილური აპლიკაციაც. ბრიტანულმა ცენტრმა მომხმარებლებისთვის, ვისაც დროის მუდმივი დეფიციტი ჰქონდა, ონლაინ სწავლების დანერგვით, ახალი, განსაკუთრებული შესაძლებლობა შექმნა.

ყოველწლიურად ბრიტანულ ცენტრში ინგლისურ ენას ათასობით მსმენელი შეისწავლის. რა განაპირობებს ბრიტანული ცენტრის მუდმივ პოპულარობასა და მომხმარებლების მხრიდან გამოხატულ ნდობას? - უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი სწავლების უმაღლესი ხარისხი და თითოეული მსმენელის წარმატებაზე ორიენტირებული მიდგომებია. ბრიტანული ცენტრის გუნდის ენთუზიაზმის, დაუღალავი შრომისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით კი შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ცენტრის წარმატების ისტორიას კიდევ არაერთი მაგალითი დაემატება.