მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული კომპანიები რუსული კიბერშეტევისგან თავდაცვას აძლიერებენ

61f3fd693cef4
თათია კაკიაშვილი
29.01.22 00:40
1523
გაერთიანებული სამეფოს კომპანიები და ორგანიზაციები რუსული პოტენციური კიბერშეტევისგან თავდაცვას აძლიერებენ, რამდენადაც ოფიციალური მოსკოვი უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზებას განაგრძობს. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა იუწყება, რომ ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ორგანიზაციებს უკვე მიმართა, "უკრაინაში და მის გარშემო მავნე კიბერინციდენტებზე საპასუხოდ ზომები მიიღონ, რამდენადაც რუსეთის ბოლო ქმედებები ადრინდელი ქცევის ნიმუშებს სულ უფრო მეტად ემსგავსება“.

„დაზუსტებით არ ვიცით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაციებისთვის რაიმე კონკრეტული კიბერსაფრთხე არსებობს თუ არა, თუმცაყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა ზუსტად შეასრულონ შესაბამისი მითითებები კიბერუსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა პოლ ჩიჩესტერმა.

ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაციებმა თავი კომპიუტერული სისტემების შესწორებით და მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ჩართვით უნდა დაიცვან. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ონლაინ თავდაცვა შეუფერხებლად იმუშავებს და უახლესი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ცნობისთვის, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სააგენტო GCHQ-ის ნაწილია. ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები კი, უპირველეს ყოვლისა, დიდ ორგანიზაციებზეა მიმართული.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში უკრაინის მთავრობის ათობით ვებგვერდი მიზანმიმართული კიბერთავდასხმის ობიექტი იყო. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ტექსტი, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ იყო“. ოფიციალური კიევის განცხადებით, აღნიშნული კიბერთავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი იდგა. მსგავსი კიბეროპერაციები უკრაინაში კონფლიქტის განმეორებადი ასპექტია, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.

ამასთან, შეერთებული შტატები ასევე თვალყურს ადევნებს კიბერშეტევებს და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე ჯარის მობილიზების პროცესს, თუმცა რუსეთი უარყოფს, რომ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს.