მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იურიდიული ფირმა "ფრეშფილდსი" განცხადებას ავრცელებს

6081851501cda
BM.GE
22.04.21 18:15
954
იურიდიული კომპანია "ფრეშფილდს ბრუკჰაუს დერინგერი", რომელიც ინგლისისა და უელსის უმაღლეს სამსართლოში მიმდინარე პროცესში “რომან ფიფია BGEO Group Limited-ის წინააღმდეგ” BGEO Group Limited-ის უფლებებს წარმოადგენდა, მათი კლიენტის გამარჯვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. BMG სრულად გთავაზობთ კომპანიის განცხადებას და მისი პარტნიორის პატრიკ სვეინის კომენტარს:

იურიდიული ფირმა ფრეშფილდსის განცხადება:

"ფრეშფილდს ბრუკჰაუს დერინგერმა („ფრეშფილდსი“) წარმატებით წარმოადგინა საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited (“BG UK”) ბატონი რომან ფიფიას მიერ დაწყებულ საქმეში BG UK-ის წინააღმდეგ დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც უარყოფილ იქნა ინგლისის კომერციული სასამართლოს მიერ.

საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო 2021 წლის 19 აპრილს და გაგრძელებულიყო რვა კვირის განმავლობაში. გუშინ, ქალბატონმა მოსამართლე კოკერილმა შეწყვიტა საქმის წარმოება ბატონი ფიფიას მოთხოვნაზე BG UK-ის წინააღმდეგ, დაადგინა რა, რომ ბატონმა ფიფიამ „აღმაშფოთებლად“ დაარღვია სასამართლოს ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა მისგან დამატებითი სარჩელის უზრუნველყოფის გადახდას, რაც მოიცავდა BG UK-ის ხარჯებს, მათ შორის, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ფრეშფილდსის პარტნიორის, პატრიკ სვეინის კომენტარი: „ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენმა კლიენტმა, რომელსაც სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებთან გამკლავება მოუწია ინგლისის სასამართლოებში, გადამწყვეტი გამარჯვებით დაასრულა ეს ბრძოლა. ბატონმა ფიფიამ გადაწყვიტა, რომ სარჩელი შეეტანა ინგლისის სასამართლოებში. ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო მომენტში, იგი მიხვდა საკუთარი პოზიციის სისუსტეს და, როგორც სასამართლომ დაადგინა, გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა სასამართლოს ბრძანებებს და ამის ნაცვლად, გადაევადებინა მისი გარდაუვალი განკითხვის დღე. გადაწყვეტილება დროული შეხსენებაა იმისა, რომ მოდავეები, რომლებიც ირჩევენ საკუთარი მოთხოვნების ინგლისის სასამართლოების წინაშე განხილვას, ვალდებული არიან დაიცვან ინგლისის სასამართლოების წესები. ჩვენ დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ BGEO Group Limited-ის მხარდაჭერას დავის ხარჯებთან დაკავშირებით მის მიმდინარე მოთხოვნებზე ბატონი ფიფიას მიმართ.“

სარჩელი ეხებოდა აღსრულების პროცესს შპს რუსთავი აზოტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ინდუსტრიულ საწარმოსა და დამსაქმებელს წარმოადგენს. ბატონი ფიფიას მტკიცებით, იგი ამ საწარმოს ერთ დროს ირიბად ფლობდა. საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, BG UK მტკიცედ უპირისპირდებოდა ბატონი ფიფიას მოთხოვნებს, რამდენადაც მათ არ ჰქონდათ არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი და მიმართული იყო ინგლისის სასამართლოს პროცესის ბოროტად გამოყენებისკენ. ბატონმა ფიფიამ თავდაპირველად დავა დაიწყო BG UK-სა და საქართველოში არსებული სხვადასხვა მოპასუხის წინააღმდეგ. ფრეშფილდსი წარმოადგენდა ამ მოპასუხეთაგან ხუთს, მათ შორის, საქართველოს ბანკს. მას შემდეგ, რაც, მათ გამოთქვეს პოზიცია, რომ ისინი იდავებდნენ იურისდიქციულ საკითხებზე, ბატონმა ფიფიამ უარი თქვა აღნიშნული მოპასუხეების წინააღმდეგ მოთხოვნებზე და დავა მხოლოდ BG UK-ის წინააღმდეგ განაგრძო,"- ნათქვამია იურიდიული ფირმის განცხადებაში. 

საქმეზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.