მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბროტმაისტერი: ყველა ფილიალი დავკეტეთ და საწარმოც გავაჩერეთ

5d923d008eb6d
ანუკა ჯოხაძე
01.10.19 10:15
2216
ქართულმა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელმა ბრენდმა „ბროტმაისტერმა“ თბილისში არსებული ყველა ფილიალი დახურა.

როგორც კომპანიის დირექტორი ვატო ჩხაიძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, გაჩერებულია ქარხანაც, სადაც ბრენდი პურ-ფუნთუშეულს აწარმოებდა. მიზეზად ჩხაიძე ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.

დირექტორის თქმით, “ბროდმაისტერს” ინვესტორის მოძიება გაუჭირდა.

“პირველი პრობლემა იქიდან დაიწყო, რომ ნოემბერში გარდაიცვალა ჩვენი თანადამფუძნებელი, რომელიც კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. პლუს ამას, ინვესტორს ვეძებდით იმისთვის, რომ განვითარებულიყო ბიზნესი. გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოოდ ვერ შედგა ეს მოლაპარაკებები. შეგვექმნა ფინანსური პრობლემებიც”, - ამბობს კომპანია „ბროტმაისტერის” დირექტორი ვატო ჩხაიძე.

„ბროტმაისტერმა“ 2018 წელს ბაქოში ფრანჩაიზის გაყიდვის შესახებაც განაცხადა. ხელშეკრულების მიხედვით, კი აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბროტმაისტერის“ სახელწოდების ქვეშ საწარმოსა და ხუთი ფილიალის გაიხსნა იგეგმებოდა, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, აზერბაიჯანულმა მხარემ მოლაპარაკების პირობები დაარღვია, შესაბამისად, მათ შორის თანამშრომლობა ვერ შედგა.

“ბაქოში ფრანშიზასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაც გვქონდა, უბრალოდ როგორც სჩვევიათ ხოლმე აზერბაიჯანელებს, არ შეასრულეს ხელშეკრულების პირობები. პირველი ტრანში არ ჩარიცხეს, დღემდე არ აქვთ ჩარიცხული და შესაბამისად, მუშაობაც არ დაგვიწყია. „ბროტმაისტერის“ სახელის გაყიდვას არ ვაპირებთ, ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ აუცილებლად დავაბრუნო „ბროტმაისტერის“ ბრენდი ბაზარზე რაღაც პერიოდის შემდეგ”, - აცხადებს ვატო ჩხაიძე.

ცნობისთვის: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის მხარდაჭერით, შპს ,,ბროტმაისტერი“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, 2016 წლის ზაფხულში კი პირველი ფილიალი გახსნა.