მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუცხრიკიძე: სავალუტო შემოსავლის მქონე მოსახლეობას ₾200,000-მდე სავალუტო სესხის შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს

60ddffed97154
შოთა ტყეშელაშვილი
01.07.21 23:30
1130
საქართველოში 200,000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხის გაცემა აკრძალულია. ეს შეზღუდვა ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე კომპანიებზეც. TBC Capital-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასმული კითხვის პასუხისას “თიბისის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სესხის იმ ვალუტაში აღება, რომელშიც მათ შემოსავალი აქვთ.

ბუცხრიკიძის განმარტებით, ფართოა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში სურს ბინის შესყიდვა, მათი შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, თუმცა იძულებული არიან სესხი ლარში აიღონ.

“როდესაც 200,000 ლარის სავალუტო სესხის შეზღუდვა შემოვიდა, მაშინ დოლარის კურსი იყო 2.3-2.5 ლარის ფარგლებში. დღეს მოგეხსენებათ სადაც არის, ანუ დოლარის ეკვივალენტში საკმაოდ გაზრდილია. წელიწადნახევრის წინ გახსოვთ იყო მსჯელობა, ხომ არ გადავხედოთ ამ ზღვარს, ალბათ დღეს უკვე არარელევატური არის.

ის ნაწილი, რაზეც ბატონმა პაპუნამაც ისაუბრა, რომ ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ მათ ვინც საზღვარგარეთ მუშაობს და უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, რადგანაც ბევრს უკვე შეძენილიც აქვს და მრავალი მათგანი გეგმავს იპოთეკით ბინის ყიდვას. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა რელევანტურია, რომ ადამიანმა იმ ვალუტაში აიღოს სესხი, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ, რათა რისკი არ ჰქონდეთ,”- განმარტავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ამასთანავე, “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის შეფასებით, უმჯობესი იქნება თუკი ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში უფრო მეტი აქცენტი არა სესხების, არამედ აქტივების ლარიზაციის მიმართულებით გაკეთდება.

2021 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში ლარის იპოთეკური სესხის საშუალო განაკვეთი 11.53%-ია, როდესაც აშშ დოლარის იპოთეკა 6.75%, ევროს იპოთეკა კი 4.82% ღირს. თუმცა, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც შემოსავალი ლარებში აქვთ უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხები სავალუტო რისკს შეიცავს. მეორეს მხრივ სავალუტო რისკს შეიცავს უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირისთვის ლარის სესხის აღების დავალდებულებაც, რასაც დღეს მოქმედი ნორმა ითვალისწინებს.