მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუცხრიკიძე სებ-ის რეგულაციაზე - “შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს ბაზარი, თუმცა არა რადიკალურად”

624bf66271292
მარიამ იზორია
05.04.22 12:35
1012
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეს ზღვარი 1500 ლარამდე იზრდება. ასევე, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს მოუწევთ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობაც გაითვალისწინონ, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე bm.ge-სთან საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციას ეხმიანება. როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბაზარი სესხების გაცემის მოცულობის მხრივ, მცირედით დააკორექტიროს, თუმცა რეგულაცია რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

მისივე თქმით, იმ ალტერნატიულ შეზღუდვებს შორის, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავდა, ეს რეგულაცია ყველაზე ოპტიმალურია.

“ბოლო 9 თვის განმავლობაში სამომხმარებლო სესხების მოცულობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. აქედან გამომდინარე რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხები ეკონომიკურ ზრდასთან პროპორციაში ყოფილიყო. განიხილებოდა სხვა შეზღუდვებიც და საბოლოოდ, ეს ყველაზე ოპტიმალურად ჩაითვალა.

უნდა განვსაზღვროთ რა არის მნიშვნელოვანი. სამომხმარებლო სესხები პირველ კვარტალში მართლა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც - ამ რეგულაციის მიზანი კი სამომხმარებლოს სესხების გაცემის შემცირებაა და რათქმაუნდა, ეს ნაწილობრივ შეამცირებს კიდეც. შეიძლება მცირედით დაკორექტირდეს ბაზარი და სესხების გაცემის მოცულობა, მაგრამ არა რადიკალურად” - აცხდებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.