მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზიანს აყენებს მეკობრეობა საგამომცემლო ინდუსტრიას?

63e3b5e58dcfe
მარიამ იზორია
12.02.23 23:00
704
ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლები სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევაზე - მეკობრეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბაზარზე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გამომცემლობების ლიტერატურას არალეგალურად იპარავენ და შემდგომ ყიდიან.

გამომცემლობებს ე.წ. შავ ბაზარზე წიგნებით მოვაჭრეებთან კონკურენციაში შესვლა უჭირთ, რადგან თაღლითურად, პირატულად შეთავაზებული კონტენტი მკითხველისთვის უფრო იაფი და შესაბამისად მიმზიდველია. Მათ გამომცემლობებისგან განსხვავებით, პროცესში დანახარჯები არ აქვთ.

ქართულ ბაზარზე, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშის, “სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი BMG-სთან მეკობრეობას ინდუსტრიის შავ ხვრელს უწოდებს. თინა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ საგამომცემლო ინდუსტრიას დიდი ფინანსური ზარალი ადგება და ეს პრობლემა მასშტაბურია. არალეგალური გამომცემლები ინდუსტრიასთან ერთად აზარალებენ სახელმწიფოს, რადგან ისინი გადასახადებს არ იხდიან.

“ბაზარზე ძალიან ბევრი კონტრაფაქციული წიგნი იბეჭდება და იყიდება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს, კულტურის სამინისტროს, იმისთვის რომ ზომები იქნას მიღებული. მათ შორის, შესაცვლელია საკანონმდებლო ჩარჩო, უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის. ეს აზარალებს გამომცემლობებს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ასეთი ლიტერატურის გაყიდვისგან ეკონომიკას გადასახადი არ ხვდება.

ლიტერატურა, რომელსაც შავ ბაზარზე ყიდიან, უხარისხო, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნედლეულით მზადდება. ბაზრის ერთ-ერთ გამოწვევად დღემდე რჩება ეს, რომ სახელმწიფომ გარკვეული ზომები მიიღოს - აღკვეთოს პირატული ლიტერატურის წარმოება”, - აღნიშნავს თინა მამულაშვილი.

მეკობრეობის პრობლემაზე საუბრობენ "ბიბლუს" ჯგუფშიც. კომპანიის დირექტორი "საქმიან დილასთან" აღნიშნავს, ზარალის ზუსტი მასშტაბების შეფასება უჭირთ, რადგან წიგნის მეკობრეობის აღრიცხვა ვერ ხდება. მისივე თქმით, გარდა დახლებზე ვაჭრობისა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა გვერდები, რომლებიც არალეგალურ კონტენტს ონლაინ ყიდიან.

ასეთი მწარმოებლები წიგნებს შავად აწარმოებენ და არ გვაქვს წვდომა თუ რა მასშტაბებზე გადიან. დახლებზე გაყიდვის გარდა, ბევრი სხვადასხვა გვერდი შეიქმნა, რომელიც მეკობრულ ლიტერატურას ონლაინ ყიდიან. ეს ის გამოწვევაა, რომელთანაც მარტო არ უნდა იყოს საგამომცემლო სივრცე და სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს”. - ამბობს ირაკლი გაგნიძე.