13.ოქტომბერი .2021 20:25

ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა

ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა
views 1504
უკან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, LED განათების სისტემა, განახლდა საჭადრაკე სივრცე და განთავსდა საპარკე სკამები. გარდა ამისა, გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო სივრცე, სადაც ყვავილებს ჰყიდდნენ.

როგორც ყველა სკვერში, აქაც განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, რეკრეაციული სივრცეების, პარკებისა და სკვერების მოწყობა-განახლების სამუშაოები მომდევნო ოთხ წელშიც აქტიურად გაგრძელდება.

„მიხარია, რომ გამგეობებიც ამ მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. მეტი მწვანე სივრცე შეიქმნება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა კიდევ უფრო სუფთა ჰაერი ისუნთქონ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკევერები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა