მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთი რუსული გაზის ყიდვაზე უარს ამბობს და Gazprom-თან კონტრაქტს აღარ განაახლებს

623846be7890b
გიორგი თოლორდავა
21.03.22 14:13
1881
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბულგარეთი რუსული გაზის ყიდვაზე უარს ამბობს. ვიცე-პრემიერის, ასენ ვასილევის განცხადებით, ქვეყანა Gazprom-თან გაფორმებულ კონტრაქტს აღარ განაახლებს და ბუნებრივ აირს სხვა მიმწოდებლებისგან შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა.

„ამ ვითარებაში Gazprom-თან ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა საბერძნეთთან და თურქეთთან, რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა და გავზარდოთ ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან“, - განაცხადა ვასილევმა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტ გაზს მოიხმარს, ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს კი ქვეყანა რუსეთის ფედერაციიდან იღებს. Gazprom-თან გაფორმებულ 10-წლიან ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ბოლოს გასდის, მთავრობა კი პირობას იძლევა, რომ კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდება.

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას გეგმავს ევროკავშირიც, რომელმაც ახალი სამოქმედო გეგმაც წარადგინა. REPowerEU სტრატეგიის ფარგლებში, გაერთიანება 2030 წლამდე რუსეთისგან სრული ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას გეგმავს.