მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბუნდოვანება ტურიზმის ბიზნესისთვის დამღუპველია” - რაში „მოიკოჭლებს“ მთავრობა?

5ef0a25dee2e0
ინგა მურუსიძე
22.06.20 16:18
1020
მიიღებს თუ არა 1 ივლისიდან საქართველო უცხოელ ტურისტებს, მთავრობას გადაწყვეტილი არ აქვს. ამ საკითხზე დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. "საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს“, - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ რელიზში.  შესაბამისად, დღეს არაფერი თქმულა იმაზე, თუ რა წესების დაცვით შეძლებენ უცხოელი ტურისტები ქვეყანაში შემოსვლს. მართალია, გასულ კვირას, 18 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნებოდა, რომ საერთაშორისო ტურისტების მისაღებად ყველა წესი შემუშავებულია, მაგრამ ფაქტია, კითხვა უფრო მეტია, ვიდრე - პასუხი. არც ტურიზმის ინდუსტრიას მიუწვდება ხელი ამ წესებზე, რომელიც როგორც ჩანს, დამტკიცებული არც არის. ამას იდენტურ თემაზე ამირან გამყრელიძის მიერ 18 ივნისს გაკეთებული კომენტარიც ადასტურებს. "ყველა კითხვაზე პასუხები, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ გვექნება", - თქვა მან. 

Bm.ge სექტორში არსებულ მოლოდინებზე, მოსალოდნელ პროგნოზებსა და ინდუსტრიის მზაობაზე ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა. ის ამბობს, რომ  "ბუნდოვანება ტურისტულ ინდუსტრიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს".

„თუ საკითხს შევხედავთ ბიზნესის და არა ჩვეულებრივი მოქალაქის თვალით, პოზიცია იქნება განსხვავებული - ჩვეულებრივი მოქალაქის შემთხვევაში, მთავრობის პასუხი არის სწორი, რადგან ეს მოქალაქეზე ზრუნვას გულისხმობს, ხოლო თუ ბიზნესის თვალით შევხედავთ პროცესს, საუბარი გვაქვს გაურკვევლობაზე, რაც მას საშუალებას არ აძლევს რაიმე ნაბიჯები დაგეგმოს, განსაკუთრებით ტურიზმთან მიმართებაში. როგორც მოგეხსენებათ, ტურისტების მოზიდვა ერთ დღეში არ ხდება, ტურისტმაც და კომპანიამაც, რომელიც მას ქვეყანაში ჩამოსვლას სთავაზობს, უნდა იცოდეს რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. ვერცერთი ტურ-ოპერატორი და ტურისტი ვერ დაგეგმავს საქართველოში მოგზაურობას, სწორედ ამ ბუნდოვანებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ  მხრივ გამონაკლისი არ არის და შეიძლება სახელმწიფოს ეს პოზიცია ნაწილობრივ გავიგოთ. საბოლოოდ, შესაძლოა ეს ბუნდოვანება ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებდეს“, - განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

ამასთან, ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი ტურიზმის გახსნამ სექტორს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა და ეს ძალიან კარგია.

„ზოგადად, ბუნდოვანება ბიზნესისთვის არის დამღუპველი, უბრალოდ, ამ პროცესში მთავრობა მოიკოჭლებს კომუნიკაციისას, კონკრეტული პირობების გაჟღერების კუთხით. ეს იყო covid-ის პროცესშიც და შემდეგაც, სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებთან მიმართებაში. რიგი ბიზნეს სუბიექტების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმსაც განიცდის, თუმცა უნდა ითქვას, რომ სიტუაცია არაორიდინალურია და გვესმის, მაგრამ მეტი კონკრეტიკა არის საჭირო, რათა ბიზნესი დაწყნარდეს და მომავლის პროგნოზირების საშუალება მიეცეს. ზოგადად, შიძლება ითქვას, რომ შიდა ტურიზმმა ძალიან კარგი სტიმული მისცა ადგილობრივ ინდუსტრიას და კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ სექტორი მზად იყოს საერთაშორისო ტურისტების მისაღებად“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება მომავლის პროგნოზებს, დარგის სპეციალისტის ვარაუდით, მოლოდინი პესიმისტურია.

„შიდა ტურიზმის გახსნა ერთმნიშვნელოვნად დადებითი სტიმულია და პროცესის კარგი დასაწყისია, თუმცა ბუნდოვანება
გარკვეულწილად პრობლემებს ქმნის. ყველაფრის მიუხედავად, პროგნოზი ალბათ პესიმისტურია და უცხოელი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლის კუთხით პროცესის აღდგენაზე 2022 წლიდან შეიძლება ვისაუბროთ“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა.