მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდას კიდევ ორი კომპანია ითხოვს

60af79ab9fd59
ინგა მურუსიძე
27.05.21 15:16
780
დღეს სემეკმა “თბილისი ენერჯის” ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, პირველი ივნისიდან ერთი კუბური მეტრი გაზი 53.97 თეთრი ეღირება, ნაცვლად 46.13 თეთრისა. ტარიფის ცვლილება ლარის გაუფასურების გამო, ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდილ ღირებულებას უკავშირდება.

ცნობილი ხდება, რომ ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების გაზრდას „ვარკეთილაირი“ და „ენერგოკავშირიც“ ითხოვენ. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „საქმის კურსის“ ეთერში განმარტა, ერთი მათგანი ვარკეთილში ოპერირებს, ხოლო მეორე გლდანის ნაწილისა და მუხიანის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა დროს დავუდგინეთ ტარიფი. უმეტესობა მათგანთან უფრო მაღალი ვალუტის კურსია ჩადებული, ვიდრე „თბილისი ენერჯის“ შემთხვევაში. ორი განაცხადია, ესენია „ვარკეთილაირი“ და „ენერგოკავშირი“. ორივე თბილისში მოქმედი კომპანიაა, თუმცა შედარებით პატარა არეალებში მოქმედი. მათი სამომხმარებლო ტარიფები ადრეა დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები მომხმარებლები ყავთ, კურსის სხვაობა მათზეც ახდენს გავლენას, ამიტომ ჩვენ შემდგომი ერთი თვის განმავლობაში მოგვიწევს, ამ ორი კომპანიის სამომხმარებლო ტარიფსაც გადავხედოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა საფუძველი, რომ ამ კომპანიების მომხმარებელთა ტარიფებიც გაიზარდოს, ნარმანია პასუხობს, რომ დაახლოებით იგივე სქემაა, რაც „თბილისი ენერჯის“ შემთხვევაში იყო, იგივე კურსით.