19.ივნისი .2021 22:00

ბურდილაძე: „დღეს უძრავ ქონებაზე ფასების კლებას აღარ უნდა ველოდოთ“

ბურდილაძე: „დღეს უძრავ ქონებაზე ფასების კლებას აღარ უნდა ველოდოთ“
views 1277
უკან

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე ფიქრობს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ფასებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს.

„რომ არ ყოფილიყო სტიმულირების ის პაკეტი, რაც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გაუშვა, ფასები სერიოზულად დავარდებოდა, რაც გამოწვეული იქნებოდა იმ პანდემიით, რაც გამოიარა საქართველომ და ზოგადად მსოფლიომ 2020 წელს. სუბსიდირების პროგრამამ შეაჩერა ფასების დრამატული ვარდნა, მაგრამ ჩვენ ანალიზით ფასი 10%-ით მაინც შემცირდა. რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, დღეს ფასების კლებას აღარ უნდა ველოდოთ იმ ლიკვიდობიდან გამომდინარე, რაც ბაზარზეა შექმნილი.

თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ რა მდგომარეობაა საბანკო სექტორში, სადაც ჭარბი ლიკვიდობაა, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ქვემოთ მოდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სისტემაში ფული არის. საბანკო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლება ავტომატურად გაზრდის უძრავ ქონებაზე მოხოვნას, რომელიც უფრო მაღალი ამონაგებადი ინვესტიციაა დეპოზიტთან შედარებით,“ - განაცხადა ბურდილაძემ.

რაც შეეხება BAG ინდექსს, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის სექტორს გაყიდვების ზრდის მიმართულებით პესიმისტური მოლოდინები აქვს, ბურდილაძე ვარაუდობს, რომ ინდექსი უფრო მეტად სასტუმრო მიმართულებით მომუშავე კომპანიების მაჩვენებლებს ეფუძნება.

„BAG ინდექსი ეფუძნება წევრი კომპანიების გამოკითხვას, თუ ავიღებთ სამშენებლო სექტორს ის ფართოა და მოიცავს კომპანიებს, რომლებიც აშენებენ როგორც საცხოვრებელ ბინებს, ასევე სასტუმროებს, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს განპირობებულია იმ კომპანიების პოზიციით, რომლებმაც დროებით გააჩერეს სასტუმროების მშენებლობა. საცხოვრებელ უძრავ ქონებაში, ჩვენი კომპანიის გამოცდილება საპირისპიროს მიუთითებს.“ - განმარტა ბურდილაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციამ BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის გაუმჯობესდა.

კერძოდ, მშენებლობის სექტორი, 2020 წლის III კვარტალიდან მოყოლებული, მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს და ერთადერთია, სადაც არცერთი კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა. სხვა სექტორებისაგან განსხვავებით, მშენებლობის სექტორის მოლოდინიც საგრძნობლად პესიმისტურია. მაშინ როდესაც სხვა სექტორებში გამოკითხულთა 60%-70% მესამე კვარტალში გაყიდვების ზრდას მოელის, მშენებლობის სექტორში მსგავსი მოლოდინი მხოლოდ 13%-ს აქვს.