12.იანვარი .2022 13:34

„ბურთი უფრო მთავრობის მოედანზეა“ - რამდენად რეალურია გაზაფხულიდან ინფლაციის კლება

„ბურთი უფრო მთავრობის მოედანზეა“ - რამდენად რეალურია გაზაფხულიდან ინფლაციის კლება
views 422
უკან

“გვჭირდება გაბედული ნაბიჯები არა მხოლოდ ეროვნული ბანკისგან, არამედ მთავრობისგან, რათა ფასების ზრდა ეკონომიკური განვითარებით დაბალანსდეს“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ PMCG-ის უფროსმა კონსულტანტმა მიხეილ კუკავამ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების იმ განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმად, გაზაფხულიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს. მეტიც, ნათია თურნავას აზრით, წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ინფლაცია ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე - 3-4%-ის ფარგლებში დავიდეს.

მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან განსხვავებით, PMCG-ის უფროსი კონსულტანტი მიმდინარე წელს ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირებას არ პროგნოზირებს. მისი თქმით, მსოფლიოში ინფლაციის შემცირების მიმართულებით არსებული პროგნოზები დაკორექტირდა, რადგანაც ყველა ის ფაქტორი, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია, მათ შორის სატრანსპორტო ქსელების მხრივ არსებული პრობლემები, ჯერჯერობით, არსად გამქრალა.

„წინა წელს ვვარაუდობდით, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებდა, თუმცა მთელ მსოფლიოში ამ მხრივ მოლოდინები გადაისინჯა. მათ შორის აშშ-ში, სადაც სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ ფასების შემცირებაზე და ყველას მოლოდინია, რომ ინფლაცია უცებ არ გაქრება. ის შეიძლება შემცირდეს გაზაფხულიდან, თუმცა ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა ისევ ადგილზეა; ეს არის პირველ რიგში, საერთაშორისო წარმოების სატრანსპორტო ქსელების მოშლა რაც მთავარი ფაქტორია, ფასების ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო ვერ იქნება იზოლირებული ამ მოვლენებისგან და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის ახალი ტალღა და არაპროგნოზირებადია ეპიდვითარება, მზად უნდა ვიყოთ, რომ ინფლაცია გაზაფხულიდან არ შემცირდება; საქართველო პატარა ეკონომიკაა; დიდი ეკონომიკებიც კი ვერ ცვლიან სურათს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ინფლაციის მიმართულებით გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით, მიხეილ კუკავა მთავრობას გაბედული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.

„ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლამდე მისვლის ფასი იქნება ძალიან მაღალი. ინფლაცია აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. ეროვნულ ბანკს კარგად ესმის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას, მაგრამ იძულებითი ღონისძიებაა. ამის მიუხედავად გვჭირდება გაბედული ნაბიჯები არა მხოლოდ ეროვნული ბანკისგან, არამედ მთავრობისგან, რათა დაბალანსდეს ფასების ზრდა სხვა ეკონომიკური განვითარებით. ეს შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ფასები 2023 წლიდან მაინც დაუბრუნდეს ნორმალურ ნიშნულს. ბურთი უფრო მთავრობის მოედანზეა ვიდრე ეროვნული ბანკის, რომელიც რეაგირებს მანდატის შესაბამისად. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში ეკონომიკური განვითარებისთვის გაბედული ნაბიჯების გადადგმა რასაც სხვა თანაბარ პირობებში არ გადადგამდა მთავრობა, არის შეუცვლელი“, - აცხადებს მიხეილ კუკავა.

ცნობისთვის: დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9%-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა