მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CELSIUS-ის ხელმძღვანელობამ კომპანიის გაკოტრებამდე $17 მილიონის კრიპტოაქტივები გაიტანა

633fdc6279a20
გიორგი თოლორდავა
08.10.22 00:00
1390
კრიპტოინდუსტრიაში მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა კომპანია Celsius-ის გაკოტრებას უკავშირდება, რომელმაც ორ მილიონამდე კლიენტი თითქმის 5 მილიარდი დოლარით აზარალა.

სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანიის გაკოტრებამდე რამდენიმე კვირით ადრე Celsius-ის გენერალურმა დირექტორმა, მისმა მეუღლემ და სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა კომპანიის ანგარიშიდან თითქმის 17 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები გაიტანეს.

საქმე ისაა, რომ გაკოტრებამდე ერთი თვით ადრე Celsius-მა მომხმარებლებს ანგარიშები გაუყინა და თანხის განაღდება შეწყვიტა, რის გამოც ორ მილიონამდე კლიენტმა კუთვნილი 5 მილიარდი დოლარის აქტივების გატანა ვერ შეძლო. აღნიშნული მოვლენის შემდეგ, კომპანიამ გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა და საქმე სასამართლოს გადაეცა.

აშშ-ის პროკურატურა მიიჩნევს, რომ Celsius-ი რეალურად თაღლითური ორგანიზაცია იყო, ერთგვარი ფინანსური პირამიდა, რომლის დამფუძნებლებმაც და ხელმძღვანელებმაც კარგად იცოდნენ, რომ პირამიდა ჩამოიშლებოდა, ორ მილიონამდე მომხმარებელი კი დაზარალდებოდა. სასამართლოსთვის წარდგენილი უახლესი ანგარიში კი უფრო მეტად ამყარებს ამ არგუმენტს.

ცნობისთვის, Celsius-ი ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა, ის სესხებსა და დეპოზიტებს კრიპტოვალუტებში გასცემდა, სანაცვლოდ კი საკომისიოს იღებდა.