მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუსტერ დოზის გაკეთების ინტერვალის შემცირებაზე რეკომენდაცია ხვალ გვექნება - თამარ გაბუნია

61a745c5f11ad
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.21 14:05
511
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ბუსტერ დოზების გაკეთების ინტერვალის შემცირების საკითხთან მიმართებით ექსპერტთა რეკომენდაციები უწყებას ხვალ ექნება. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან განმარტა, რომ დღემდე საქართველოში „სინოვაკის“ და „სინოფარმით“ ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში ინტერვალი 3 თვე იყო, ხოლო „ფაიზერის“ შემთხვევაში კი 6 თვე, თუმცა „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შემდეგ რიგ ქვეყნებში ბუსტეს დოზების გაკეთების ინტერვალი გადაიხედა, შესაბამისად, საქართველო ამ საკითხის გადახედვას ექსპერტთა რეკომენდაციების მიღების შემდეგ შეძლებს.

„ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ექსპერტთა ჯგუფი ბუსტერ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-დან 5 თვემდე. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, ბევრმა ქვეყანამ ბუსტერ დოზის გაკეთების ინტერვალი შემცირა, რიგ შემთხვევაში 6-დან 5 თვემდე, რიგ შემთხვევაში კი 4 თვემდე, ასევე „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ეს სამი თვეა.

ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშნელოვანია და ველით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რაც ხვალისთვის იქნება მზად. ბუსტერ დოზების შემთხვევაში ბუსტერ დოზების გაკეთება 18 წლიდან პირებს შეეძლებათ, თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ნაიტაკი გავითვალისწინებთ. ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შემცირებაზე ყველა პირისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, ბუსტერ დოზებზე დღეს მაღალი აქტივობა არ არის, რადგან 6-თვიანი ინტერვალის გასვლა უმრავლეს შემთხვევაში დეკემბრის დასაწყისში ან თვის ბოლოსკენ ხდება.