მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუტიკ არდადეგები საქართველოში" - ახალი პლატფორმა შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის

5eaad3d0b8dec
თამუნა ქემერტელიძე
30.04.20 17:31
5549
“ბუტიკ არდადეგები საქართველოში” (Boutique Holidays in Georgia ) - ასე ერქმევა ახალ პროექტს, რომელიც შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტს 24-კაციანი საინიციატივო ჯგუფი იწყებს და მას KMS Georgia-ს დირექტორი მაია წერეთელი უხელმძღვანელებს.

როგორც BM.GE-ის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და Wyndham Grand Tbilisi-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა გიორგი დოლიძემ განუცხადა, Boutique Holidays in Georgia გათვლილი იქნება რეგიონებსა და იმ ადამიანებზე, რომელთაც უკვე აქვთ სახლები რეგიონებში და მის განახლებას ან გადაკეთებას ფიქრობენ.

„საინიციატივო ჯგუფის მიზანია, შექმნას პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით ტურიზმის განვითარებას, გაზრდის შიდა გადაადგილებას დასვენების მიზნით და მოახდენს პროდუქტის და სერვისების მაღალ დონეზე მიწოდების უზრუნველყოფას რეგიონებში. პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი გადაუდებელი და ყოველდღიური საჭიროებისათვის აუცილებელი ოპერაციების, გართობის და დასვენების კლასტერების შექმნა, რომ რეგიონებში დასვენება და გადაადგილება ასოცირდებოდეს ისეთი ხარისხის სერვისების მიწოდებასთან, რაც თბილისის და დიდი ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი. ამდენად, ვისაც რეგიონში აქვს სახლი და უნდა რომ „გესტ ჰაუსი“ გააკეთოს, ჩვენ მათ საკონსულტაციო დონეზე დავეხმარებით. გარდა ამისა, ფინანსების მოძიების მხრივაც გავუწევთ დახმარებას. ყველაფერი ერთი ბრენდის ქვეშ იქნება გაერთიანებული და დარეგისტრირებული, თუმცა ამ ადამიანებს მოუწევთ უსაფრთხოების, კვების და განთავსების სტანდარტების დაცვა, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა შეიმუშავა”, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

მისივე თქმით, „გესტ ჰაუსები“ ადგილობრივი პროდუქტის შესყიდვით მომზადებული ჯანსაღი საკვებით იმუშავებენ და ვისაც ჯერ კიდევ აქვს გათვალისწინებული საკუთარ ბიუჯეტში დასვენების ხარჯები, შეეძლება ერთ კონკრეტულ პლატფორმაზე დაჯავშნოს და საქართველოში სასურველ ადგილას დაისვენოს.

„ვებ-გვერდის სტრუქტურა უკვე გაკეთებულია, ეს იქნება ერთიანი პლატფორმა, სადაც მსურველებს შეეძლებათ, ონლაინ განაცხადი გააკეთონ და დაარეგისტირონ მათი „გესტ ჰაუსები“, მიიღონ რჩვები. მომხმარებლებს კი, აქვე შეეძლება ნახონ ფოტოები, დაჯავშნონ „გესტ ჰაუსები“ და ონლაინ გადაიხადონ“, - აღნიშნა დოლიძემ და დასძინა, რომ მიღებულ განაცხადებს საინიციატივო ჯგუფი გაფილტრავს.

ამასთან, როგორც გიორგი დოლიძემ განმარტა, საინიციატივო ჯგუფი ბენეფციარებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ფულადი სახსრების მოძიებაში დაეხმარება.

მსურველებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ “აწარმოე საქართველოში“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, როდესაც ეს პროგრამა გამოცხადდება.

"საინიციატივო ჯგუფი უკვე აწარმოებს განაცხადების მიღებას პირველ ეტაპზე. მათ მიერ დაჩქარებული წესით მოხდება განაცხადების განხილვა მაისსა და ივნისში, რათა ივლისიდან რამდენიმე სახლი მზად იყოს სტუმრების მისაღებად. პირველ ეტაპზე განაცხადები მიღებულია შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი , რაჭა , აჭარა, სვანეთი, იმერეთი და ქართლი”, - აცხადებს დოლიძე.