მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობას ამკაცრებს

5f69c226a1696
BM.GE
22.09.20 13:35
1453
საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, იცვლება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კანონის ჩანაწერი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სანქციათა კომიტეტის მიერ სანქცირებულ პირების საქართველოში სანქცირების პროცესს განსაზღვრავს. არსებული კანონმდებლობა საკანონმდებლო კონტროლს ითვალისწინებს და გადაწყვეტილებების მიღება სასამართლოს გავლით ხდება, თუმცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, სასამართლო ზედამხედველობის ფუნქცია კანონიდან ამოვა და გაეროს უშიშროების კომიტეტის მიერ განსაზღვრულ პირთა სანქცირება ავტომატურად, 48-საათიან ვადაში მოხდება. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება სრულ თანხვედრაშია 
MONEYVAL-ის მიერ 2019 წელს გაკეთებულ რეკომენდაციასთან, რომლის შეფასების თანახმადაც, ქვეყანაში მოქმედი სისტემა დახვეწას საჭიროებდა. ორგანიზაციის შეფასებით, ქართული კანონმდებლობის ნაკლოვანებას ამ პროცესის ხანგრძლივი ვადები წარმოადგენდნენ. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეიცვლება წესები, რომლითაც სიაში შესული პირების ქონების დაყადაღება მოხდება.

რატომ ამოდის სანქცირების სისტემიდან საბანკო ზედამხედველობის კომპონენტი - განმარტება:

"ცვლილებების პროექტით, შემოთავაზებული რეგულირება სრულ შესაბამისობაშია MONEYVAL-ის მიერ 2019 წლის ნოემბერში საქართველოში საშემფასებლო ვიზიტის ფარგლებში გამოთქმულ შეფასებებსა და რეკომენდაციებთან, ისევე როგორც UNSCR ეროვნული დონეზე ეფექტიანად აღსრულების მიზნებისთვის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან.

წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსების და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების ეფექტიანი და სწრაფი მოდელის დანერგვას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციები გაეროს წესდების VII თავით არის მიღებული, ემსახურება მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დაცვას და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის.

ზემოაღნიშნულზე პირდაპირ მიუთითებს გაეროს წესდების 103-ე მუხლის დანაწესი („იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის წევრების ვალდებულებანი წინამდებარე წესდების თანახმად წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან მათ ვალდებულებებთან სხვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, უპირატესი ძალა აქვთ წინამდებარე წესდებაში აღნიშნულ ვალდებულებებს”), რომლის თანახმად, წესდებით ნაკისრი ვალდებულებები, როდესაც მათი შესრულება ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და შენარჩუნების მიზანს, გადაწონის სახელმწიფოს მიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ზემოთ მითითებული რეზოლუციების „დაუყოვნებლივ შესრულება“ სწორედ საერთაშორისო მშვიდობისკენ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებასა და ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება და უპირატესია საქართველოს მიერ ნაკისრ ყველა სხვა ვალდებულებასთან შედარებით", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.