10.სექტემბერი .2020 14:14

ცაგერის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ღონისძიებები მკაცრდება - ამირან გამყრელიძე

views 143
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სოციალური ღონისძიებების აკრძალვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სადღესასწაულო ღონისძიებიდან ინფიცირებულთა კლასტერები ჩამოყალიბდა.

„ცაგერის მუნიციპალიტეტის კლასტერში, რომელიც თბილისში ჩატარებულ დიდ საქორწილო ღონისძიებასთანაა დაკავშირებული 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათ შორის 5 ამ საბედნიერო სუფრის მონაწილეებში. ასევე ეს გავიდა ცაგერს გარეთ - ქუთაისში გვაქვს შემთხვევა პირდაპირ დაკავშირებული ქორწილთან, ასევე ზუგდიდში და ერთიანად ეს არის 18 შემთხვევა.

ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული ვფიქრობ, რომ მართებულია. დროებით თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის ფართო მასშტაბიანია სუფრებისგან. რამდენადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ასეთი დიდი ღონისძიებიდან ჩამოყალიბებული გვაქვს ინფიცირების კლასტერული ჯგუფები. მესმის, რომ ადამიანებითვის რთულია ახსნა, როდესაც ისინი ემზადებიან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მაგრამ გთხოვთ უმორჩილესაც კიდევ ერთხელ, რადგან მაღალი რისკია ამ ყველაფერში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ქორწილიდან 12 დღე უკვე გასულია, შესაბამისად ფიქსირდება მეორეული და მესამეულ კონტაქტებში ინფიცირება და მათ შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან მიმართებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამის გამო ცაგერის შესასვლელში ღონისძიებები გამკაცრდა.

„აქედან გამომდინარე ცაგერში ადგილზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე სოფლებში გაფართოვდეს და დაიწყო ინტენსიური თერმოსკრინინგი, PCR-ტესტირება. იქ შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები. ყველა შემსვლელს და გამომსვლელს განთავსებულ კარავში შევთავაზებს ლაბორატორიულ კვლევას, იმისთვის, რომ ადამიანების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ.

ასევე ბიოლოგიური ნაცხების ამღები ჯგუფები იმოძრავებენ და იმერეთის რეგიონი აქტიურად მიეხმარება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონს. იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის მოსახლეობა ხელს შეგვიწყობს, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა და იზოლირება, ისევე როგორ შესაბამისი კონტაქტების გამოვლენა", - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.