მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სეზონური გრიპის 100,000 დოზა ვაქცინას ყიდულობს

5f858c08774ac
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.20 15:16
1039
საქართველოს მთავრობა სეზონური გრიპის 100,000 ვაქცინას ყიდულობს. NCDC-იმ შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში უკვე დაარეგისტრირა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიური გავრცელების პარალელურად, იზრდება ალბათობა იმისა, რომ მოქალაქეები ერთდროულად როგორც კორონავირუსით, ასევე, სეზონური გრიპით დაინფიცირდნენ, ეს კი უწყების შეფასებით, “მძიმე გამოსავლის” რისკს ზრდის.

"კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ორივე ვირუსით ერთდროულად დაინფიცირებისა და შესაბამისად მძიმე გამოსავლის რაოდენობა. შესაბამისად, აუცილებელია, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონეების, ხანდაზმულებისა და სხვა იმ პირთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო აცრით, რათა დაინფიცირების გაზრდილი რისკის პირობებში თუნდაც ერთი დაავადებისგან, რომლის ვაქცინაც არსებობს დავაზღვიოთ მათი ჯანმრთელობა", - ნათქვამია NCDC-ის განაცხადში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს საქართველომ ფრანგული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ვაქცინის 25 000 დოზა მიიღო. მისი თქმით, ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილდა.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 135 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და დანარჩენი 110 000 დოზა 23 ოქტომბრის კვირაში შემოვა.

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ დამატებით 100 000 დოზის მობილიზება შევძლოთ, რომლის შემოსვლის ალბათობა ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის შუა რიცხვებია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, სამჯერ მეტი მოქალაქე აიცრება,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.