მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელ ინვესტორებზე კარგად ზრუნვა უმნიშვნელოვანესია - EBRD

62c97e1372522
გიორგი თოლორდავა
09.07.22 18:02
835
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა BMGTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებზე ზრუნვა, ეს საკითხი კი განსაკუთრებით რელევანტური სწორედ ახლაა, მაშინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური დაძაბულობაა და გაურკვევლობის დონე მაღალია.

„უცხოელ ინვესტორებზე კარგად ზრუნვა უმნიშვნელოვანესია; როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან, მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ დახმარება. დღეს, როცა გეოპოლიტიკურად გაურკვევლობა მაღალია, მათ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი ზრუნვა სჭირდებათ. ე.წ. აფთერქეარ ის ნაწილია, რაზეც ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ „აწარმოე საქართველოშის“, რათა კონკრეტული პროგრამა გვქონდეს ამ მიმართულებით.

ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შემოსულ უცხოელ ინვესტორს მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, შესაძლოა, თუნდაც – მორალური“, - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აგრეთვე ისაუბრა ინვესტორებთან მიმართებით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ყველაზე ხშირად დაფიქსირებული პრობლემა საკანონმდებლო ბუნდოვანებებთანაა დაკავშირებული.

„ზოგადად, საქართველოში მარტივია ბიზნესის დაწყება, ამიტომ ზოგიერთი ინვესტორი გაოცებული რჩება, როცა მის წინაშე პრობლემები იყრის თავს.

მეორე მხრივ, ინვესტორთა ზრუნვის ნაწილში მექანიზმის არსებობა აუცილებელია და ის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორისთვისაც. ჩვენ ვისთანაც ვმუშაობთ, მაგალითად, ადგილობრივი ბიზნესია და მათაც სჭირდებათ დახმარება. გამოწვევები, რასაც ისინი უფრო ხშირად აწყდებიან, დაკავშირებულია საკანონმდებლო ბუნდოვანებებთან და ამ ტიპის გამოწვევებს „ინვესტორთა საბჭო“ წარმატებით ართმევს თავს“, - დასძინა ჰანსენმა.