მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმში დასაქმებულები, თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავშიც აიცრებიან - ადმინისტრაცია

60bf0f81b453d
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 10:39
934
დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებში იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ დღემდე რეგიონში ტურიზმის დარგში დასაქმებულ პირებს აცრა, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირების შემდეგ, მხოლოდ თბილისში შეეძლოთ. ინდუსტრიაში დასაქმებულების განმარტებით რიგ შემთხვევაში მათ ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, შესაბამისად, ეს დარგში დასაქმებულების ვაქცინაციის ტემპს აფერხებდა. BM.GE ამის შესახებ 21 მაისს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კითხვით მიმართა - როდის შეძლებდნენ რეგიონში ტურიზმში დასაქმებული პირები ვაქცინაციაში ჩართვას რეგიონებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში. კითხვაზე პასუხი კი გუშინ ეკონომიკის მინისტრისგან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მივიღეთ. ნათია თურნავას განცხადებით, რამდენიმე დღეში აცრას ინდუსტრიის წარმომადგენლები ბათუმშიც შეძლებდნენ. გუშინვე აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც დაუდასტურა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, ბათუმის გარდა რეგიონებში ესენციური ჯგუფებისთვის ამცრელი კაბინეტი თელავშიც გაიხსნება.

„ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან. ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ: https://gnta.ge/ge/registration-form/...

ბოლო მონაცემებით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.