მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უნდა ველოდოთ Apple-ის ღონისძიებაზე

616d34c924ca7
თათია კაკიაშვილი
18.10.21 20:55
796
iPhone 13-ის წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, Apple-ი სეზონის მეორე პროდუქტის პრეზენტაციას გეგმავს. CNN-ის ცნობით, ღონისძიება ამჯერადაც ვირტუალურად გაიმართება, მომხმარებელი კი, სავარაუდოდ, MacBook Pro-ს ორ მაღალი დონის ლეპტოპს უნდა ელოდოს, რომელშიც ახალი თაობის სილიკონის ჩიპია გამოყენებული. ამასთან, ღონისძიებაზე შესაძლოა, Apple-მა AirPods Pro-ს ახალი ვერსიის ყურსასმენებიც წარადგინოს.

ღონისძიების ცენტრალური ნაწილი, რომელიც დღეს გაიმართება, MacBook-ის წარდგენას დაეთმობა. წინასწარი ინფორმაციით, მომხმარებელს 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად განახლებული MacBook-ი ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო მოდელის ლეპტოპის სიჩქარე და მუშაობის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებული იქნება. MacBook Pro-ს ხაზს ე.წ. M1X პროცესორი ექნება, რომელიც წინამორბედ M1 ჩიპთან შედარებით, გაცილებით სწრაფი და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება.

MacBook-ი ორი ზომით - 14 და 16 ინჩით იქნება წარმოდგენილი, მას უფრო თხელი ჩარჩოები, გაუმჯობესებული ეკრანი, გამძლე ელემენტი და მეტი მეხსიერება ექნება. ასევე, განახლებულ მოდელს არ ექნება ე.წ. სენსორული ზოლი, თუმცა მოჰყვება HDMI პორტი, SD ბარათის სლოტი და MagSafe დამტენი.

რაც შეეხება უსადენო ყურსასმენებს, მესამე თაობის AirPods-ი უფრო პრემიუმ კლასის იქნება, მოკლე ღეროებით და გაცილებით გამძლე ელემენტით.

მთავარი მიზეზი, რის გამოც სხვა კომპანიებთან ერთად, Apple-იც ჩქარობს ახალი გაჯეტების წარდგენას, მსოფლიო ბაზარზე არსებული გლობალური დეფიციტი და მიწოდების ინდუსტრიის შეფერხებებია. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა iPhone-ების წარმოების შემცირების მიზეზად სწორედ ჩიპების დეფიციტი და მიწოდების ინდუსტრიის შეფერხებები დაასახელა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ არსებული კრიზისის ფონზე, Apple-ის კომპიუტერებზე მოთხოვნა მზარდია - წელს კომპანიის ბრენდირებული კომპიუტერების და ლეპტოპების 83 მილიონზე მეტი ერთეული უკვე გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,2%-ით მაღალი მაჩვენებელია.