19.სექტემბერი .2020 22:52

Cargon - ქართული სტარტაპი გლობალურ ბაზარზე გასასვლელად ემზადება

views 609
უკან

ერთ წელიწადში შექმნილმა სტარტაპ კომპანია Cargon-მა უკვე საქართველოს ბანკის ერთ-ერთი რჩეულის სტატუსი მიიღო და ის მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განაგრძობს. პროგრამის პარტნიორი საქართველოს ბანკი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა. ამას გარდა, სტარტაპ კომპანიას არაერთი უნიკალური ქართველი მომხმარებელიც გამოუჩნდა და დაინტერესება დღითიდღე მატულობს.

Cargon არის ციფრული ლოჯისტიკური პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელს გადამზიდავთან აკავშირებს და ეს პროცესი სახმელეთო გადაზიდვებზეა გათვლილი. ინოვაციური ვებ-გვერდის მეშვეობით, რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით, მომხმარებელს შეუძლია, გადამზიდს სწრაფად დაუკავშირდეს.

„დღეს Cargon-ს 150-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, აქტიურად ვმუშაობს იმისთვის, რომ ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზარდოს და, ასევე, ძალიან დიდი რესურსი იდება იმაში, რომ ჩვენი პროდუქცია 500 startup-ის მეშვეობით გლობალურ ბაზარზე გავიდეს“, - ამბობს BMG-ისთან Cargon-ის 26 წლის თანადამფუძნებელი, ვანო ჩალაძე.

ჩალაძის თქმით, 500 startup-ში მონაწილეობამ ანტეპრენერების მთლიან გუნდს დიდი გამოცდილება მისცა და იმ ძირითად სფეროებში დააკვალიანა, რაც ახლად შექმნილი კომპანიების წარმატებისთვისაა სჭირდება.

„ძალიან გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციასთან გვაქვს შეხება. აქ არაერთი მენტორია, რომელიც ბოლომდე იხარჯება იმისთვის, რომ გვასწავლოს, რა არის მარკეტინგი, სტრატეგიის შემუშავება, პროდუქტის განვითარება და გაყიდვები, შესაბამისად, ამ სფეროებში დიდი გამოცდილება მივიღეთ“, - ამბობს ჩალაძე.

Cargon ოთხ სხვა ქართულ სტარტაპ კომპანიასთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის აქტიური მონაწილეა. Საბოლოოდ კი შერჩეული ტოპ 10-დან 2 რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე წარუდგენს.