მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cargon-ის შემოსავალმა თითქმის $2 მილიონს მიაღწია - სტარტაპის გეგმები აშშ-ში გამგზავრებამდე

60dd7a0d51fc7
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.21 10:15
2466
Cargon-ის შემოსავლებმა გასულ წელს 1.9 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის 100%-იან ზრდას ნიშნავს. რთულია უკვე ასეთ მომგებიან ბიზნესს სტარტაპი უწოდო, თუმცა თავად გუნდის წევრები თვლიან, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და სურთ, დიდი ხნის განმავლობაში განვითარების მინიმუმ ასეთი ტემპი შეინარჩუნონ.

კომპანია, რომელიც ტვირთმფლობელებსა და გადამზიდავებს ერთმანეთთან აკავშირებს, მალე სილიკონ ველიზე, 500 Startups-ის სხვა გამარჯვებულებთან ერთად გაემგზავრება. მანამდე კი უკვე 3 ქვეყანაში ცდილობს აქსელერაციის პროგრამაში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაციას.

Cargon საქართველოს გარდა უკვე 2 ქვეყანაში, რუსეთსა და სომხეთში ოპერირებს, წლის ბოლომდე კი მას რეგიონის რამდენიმე ქვეყანა კიდევ მიემატება.

„რამდენიმე წელი ინგლისში ვსწავლობდი, აქ ჩამოსვლისას ნამდვილად არ მეგონა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სტარტაპი მექნებოდა და ბოლომდე მის განვითარებაში ვიქნებოდი ჩართული. ჩემი თავი უფრო საფინანსო სექტორში, ერთ-ერთ თანამშრომლად წარმომედგინა. იმ პერიოდში ძალიან მხიბლავდა Uber-იზაციის პროცესი, რომელიც თითქმის ყველა ინდუსტრიაში ერთდროულად დაიწყო. პარალელურად გაჩნდნენ სხვა, არაორდინალური ხედვის კომპანიები, მათ შორის Netflix, Airbnb, სადაც მომხმარებლები ერთი და იგივე პროდუქტს იზიარებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლოგისტიკის ბიზნესში იყო ჩართული, რომელსაც Cargon-ის შექმნა იდეის დონეზე შევთავაზე“, - ყვება Cargon-ის თანადამფუძნებელი ვანო ჩალაძე.

შემდეგ იყო ბიზნესგეგმა და პირველი გრანტი, “სტარტაპ საქართველოს“ 100,000 ლარიანი დაფინანსება. გამართული იდეის მიუხედავად ბევრი იყო შეცდომებიც. როგორც 500 Startups-ის სხვა მონაწილეები, Cargon-იც საწყის ეტაპზე მრავალფუნქციური და დატვირთული აპლიკაციის შექმნას ცდილობდა.

„დღევანდელი გადმოსახედიდან თავიდანვე რამდენიმე ფუნქციის დამატება შეცდომა იყო. მომხმარებელი ხშირად, უბრალოდ იხლართებოდა ჩვენს სისტემაში და მის რეალურ ფასეულობას ვერ ხედავდა. მაგალითად, Cargon-ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ალგორითმი და ფასის დათვლაა, ტვირთმფლობელს კი არაერთი განაცხადის შევსება უწევდა სანამ გადაზიდვის ღირებულებას გაიგებდა. ბევრ ფუნქციაზე ერთდროულად მუშაობამ უზარმაზარი დრო და რესურსები წაიღო, ბაზარზე არც კი გვქონდა გადატნილი პროდუქტი. ამიტომაც დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ აირჩიონ მხოლოდ რამდენიმე მიმართულება და საწყისი ენერგია მის შექმნასა და გაუმჯობესებაზე დახარჯონ. ასევე აუცილებელია თავიდანვე არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება, რაც ჩვენთვის თავიდან უცხო იყო“, - ამბობს ვანო ჩალაძე.

მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, Cargon, ჯერჯერობით, მაინც არ იყო მზად გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გვიყვება მთავარი ნახტომი 500 Startups-ში მონაწილეობა იყო.

„500 Startups Cargon-ის განვითარების სერიოზული ბიძგი გამოდგა. მენტორებთან ურთიერთობა შიდა პროცესების გადალაგებაში დაგვეხმარა, მთლიანად შევცვალეთ UX/UI დიზაინი და ა.შ. რაც შეეხება ინვესტორებთან ურთიერთბას, ცხადია აქამდეც გვქონდა არაერთი მცდელობა, თუმცა როდესაც მსოფლიოს ტოპ აქსელერატორისგან იღებ ვალიდაციას, ყველა სხვა თვალით გიყურებს და უფრო სერიოზულ ინტერესს იჩენს. ჩვენც უფრო მეტად თავდაჯერებულები გავხდით“, - ამბობს ჩალაძე.

დღეს Cargon-ს 300-მდე B2B მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც 1500-ზე მეტი მძღოლი ემსახურება. აქსელერაციის წყალობით კომპანიამ ჯამში $770,000-ის მოზიდვა შეძლო და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ეს ის მონაგარია, რომლითაც Cargon-ის გუნდი სილიკონ ველიზე ტოპ ინვესტორებთან შესახვედრად შემოდგომაზე მიემგზავრება. თუმცა, როგორც ინტერვიუს დროს გვიყვებიან, სან-ფრანცისკოში მხოლოდ დაფინანსების მოსაპოვებლად არ მიდიან და მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების მიღება იქნება.

„სილიკონ ველი დღემდე რჩება სტარტაპებისთვის საუკეთესო ადგილად, რადგან აქ ყველაზე მეტი ტექ.კომპანია იყრის თავს. ლონდონიც საკმაოდ განვითარებულია ტექნოლოგიურად, თუმცა იქ დამწყები კომპანიებისთვის ამხელა შესაძლებლობებს ნაკლებად შეხვდებით. სან-ფრანცისკოში საერთოდ სხვა მასშტაბებზე იქნება საუბარი რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „საქართველოს ბანკისა“ და „500 Startups”-ის გარეშე მსგავს კულტურასთან ინტეგრაცია ძალიან გაგვიჭირდებოდა“,- ანიშნავს Cargon-ის თანადამფუძნებელმა.

იქნება თუ არა საინტერესო Cargon-ის პროდუქტი აშშ-ის ბაზრისთვის ამას შემოდგომაზე გავიგებთ, მანამდე კი სტარტაპი განვითარებას რეგიონის ქვეყნებში განაგრძობს .