მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცარიელია სასტუმრო... იძულებული გავხდით, 2 კორპუსი დაგვეხურა"– "კოპალას" დირექტორი

5e5f4e6f7d73b
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.20 16:31
2094
სასტუმრო „კოპალას“ გენერალური დირექტორი მირანდა ყვავაძე BM.GE-ისთან კორონავირუსის გამო სასტუმროს მართვაში შექმნილ გამოუვალ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ ჯავშნები როგორც - სასტუმროში, ასევე რესტორანშიც გაუუქმდათ.

„რაც ვფუნქციონირებთ, 2002 წლიდან ასეთი მდგომარეობა არ გვქონია, არ ყოფილა ასეთი ვარდნა - ცარიელია სასტუმრო, რასაც მოჰყვა რესტორანში ჯავშნების გაუქმება“, - ამბობს სასტუმროების ქსელის გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, მარტისთვის სასტუმროების დატვირთულობა 70% იყო, თუმცა დღეისათვის 30%-მდეა შემცირებული.

„ფაქტობრივად, ცარიელია სასტუმრო, რასაც მოჰყვა რესტორანში ჯავშნების გაუქმება. იძულებული გავხდით, რომ დაგვეხურა 2 კორპუსი. თანამშრომლებს გრაფიკით ვამუშავებთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს სამსახურიდან გაშვება.  ხელფასების გასაცემად ბანკიდან კრედიტი ავიღეთ, ხელფასების შემცირებაც მოგვიწია; არ ვიცი როდემდე იქნება ეს შესაძელებლი. ამ სეზონზე დატვირთვა 70% გვქონდა და ჯავშნების გაუქმების შემდეგ 30%-ზე ჩამოვიდა; ჯავშნების გაუქმებაზე წერილები ყოველდღიურად მოგვდის“, - აცხადებს მირანდა ყვავაძე.

ამასთან, როგორც „კოპალას“ გენერალური მენეჯერი ამბობს, ჯავშნების გაუქმების ტენდენცია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

„ეს კლება ერთი თვის დაწყებული არ არის, გასული წლის ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. ფასები 60%-70%-ით დავწიეთ; იმ ფასებზე ვართ დასული, რომ მოგებაზე ზედმეტია საუბარი, მხოლოდ თავი რომ ირჩინოს სასტუმრომ და ხელფასები გავცეთ. მაგალითად, გაზის ტარიფზე "თბილისი ენერჯში" (ყაზტრანს გაზი) დავწერეთ განცხადება და ერთი კვირით გადაგვივადეს. ახლა ვფიქრობთ, რაში შეიძლება დაგვეხმაროს სახელმწიფო - ალბათ ეს არის საშემოსავლო გადასახადების კუთხით რაიმე შეღავათების გაკეთება. ჩვენ გვყავს 200-ზე მეტი თანამშრომელი და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ისინი, საშემოსავლოს კუთხით სახელწიფო დათმობაზე უნდა წამოვიდეს ან დახმარებაზე“, - აცხადებს „კოპალას“ მმართველი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას წერილით მიმართავენ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, კორონავირუსის გამო არსებული მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ეხება.