მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცემენტის ასოციაცია: შეფუთული ცემენტის ბაზარზე მეტ-ნაკლებად სავალალო მდგომარეობაა

5df89d676eab2
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.19 16:38
987
საქართველოს ცემენტის ასოციაცია შეფუთული ცემენტის ბაზარის ფარული ტესტირების შედეგებს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიაწვდის.

საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ცემენტის ასოციაციამ საჯარო გახადა შედეგები, რომელიც შეფუთული ცემენტის ბაზარზე მიმდინარე წელს მესამედ განხორციელდა. კვლევის შედეგების მიხედვით, შემოწმებული 31 ნიმუშიდან 22-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 7-მა კი, შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში მოხდა შეფუთული ცემენტის შეძენა - თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ქარელი, ბათუმი, ქუთაისი). საერთო ჯამში, შეძენილ იქნა 18 მწარმოებლის პროდუქცია, საიდანაც 3 იმპორტირებული, თურქული მწარმოებლისაა.

BM.GE დაინტერესდა, რომელი კომპანიის პროდუქციამ ვერ დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები.

როგორც ცემენტის ასოციაციის ხარისხის მართვის მენეჯერმა ირაკლი გიორგაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, საქართველოს ცემენტის ასოციაცია არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია აღნიშნული ინფორმაცია საჯარო გახადოს.

„ცემენტის ასოციაცია ამ შედეგებს მიაწვდის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ეს უკვე მათი კომპეტენციაა, გახდიან ამ შედეგებს საჯაროს თუ თვითონ დაიწყებენ შიდა მოკვლევას და ამის შემდეგ გაასაჯაროებენ, თუ ვინ ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები. ჩვენ ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ ცემენტის 9 სახეობიდან, რომელმაც გაიარა ფარული ტესტირება და დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები, 4 იყო ცემენტის ასოციაციის დამფუძნებელი კომპანია და ეს გასაჯაროებულია, მაგალითად, „ჰიდელბერგ ცემენტის“ და „GBG”-ის პროდუქცია. დანარჩენების სახელებს, ვინც ვერ გადალახა, ვერ ვამბობთ. ეს კვლევა ემსახურება იმას, რომ შესაბამისმა სამსახურებმა გაიცნონ ტესტირების შედეგები და როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, გაჟღერდეს ინფორმაცია, რომ მთლიანობაში შეფუთული ცემენტის ბაზარზე არის მეტ-ნაკლებად სავალალო მდგომარეობა“, - განმარტა ცემენტის ასოციაციის ხარისხის მართვის მენეჯერმა.

ცნობისთვის, ცემენტის ასოციაცია სექტორში ფარულ ტესტირებას წელიწადის განმავლობაში სამჯერ ატარებს. ირაკლი გიორგაძის ინფორმაციით, ზაფხულში ჩატარებული ტესტირების შედეგებთან შედარებით, მდგომარეობა ბაზარზე გაუარესებულია, იმიტომ რომ მას შემდეგ იმპორტირებული ცემენტის რაოდენობა გაიზარდა და მთლიანობაში ზღვარგადალახული ცემენტების რაოდენობაც გაიზარდა.

ცემენტის ასოციაციის კვლევის მიხედვით, შემოწმებული 31 ნიმუშიდან 22-მა  ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 7-მა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.