მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CENTRAL BANKING - ის ჯილდო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომპანია "მონტრანს" გადაეცა

5e3d20e86225d
BM.GE
07.02.20 12:32
813
ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა CENTRAL BANKING - ის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომპანია "მონტრანმა", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - "გირაოს მართვის სერვისების საუკეთესო მიმწოდებელის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

CENTRAL BANKING - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

GSSS ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 3 დეკემბრიდან აამოქმედა. GSSS ქვეყნის ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მეშვეობით ხდება სახელმწიფო და კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, შენახვა, დაფარვა და დაგირავება. აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდები არის საუკეთესო გირაო, როგორც ბანკთაშორისი ბაზრისთვის, ისე ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის. შესაბამისად, სისტემის გამართული, სწრაფი და საიმედო მუშაობა მნიშვნელოვანი კომპონენტია ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად.

სისტემა რომელიც თავის თავში ორ ცენტრალურ დეპოზიტარს აერთიანებს, ემსახურება მთელ კაპიტალის ბაზარს, სადაც როგორც ერთ, ისე მეორე დეპოზიტარში შენახული ფასიანი ქაღალდების გირაოდ გამოყენება თანაბარ უფლებიანადაა შესაძლებელი. სისტემა თვითონ ირჩევს ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის და აკონტროლებს, რომ ეს ოპერაციები ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი გირაოთი, რაც ერთის მხრივ ეროვნულის ბანკი ფინანსური რისკების დაზღვევას, ხოლო მეორეს მხრივ ფასიანი ქაღალდების ყველაზე ეფექტურად გამოყენებას ემსახურება.

GSSS წარმოადგენს თვისობრივად უნიკალურ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემას. ის უზრუნველყოფს კერძო და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირებას ერთიანი მაღალტექნოლოგიური პლატფორმის ქვეშ, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირებაც ეროვნული ბანკის მიერ არის გარანტირებული. ამ გზით GSSS სისტემა უმცირესი დანახარჯით აღწევს კაპიტალის ბაზრის სრულ ინტეგრაციას, მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ინვესტორთა ნდობას, რაც მცირე ზომისა და რესურსების მქონე ქვეყნისთვის საუკეთესო მოდელია.

GSSS სისტემა კომპანია "მონტრანმა" ეროვნული ბანკის და საქართველოს საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის (GCSD) დაკვეთით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის დანერგვიდან წელიწადზე ოდნავ მეტია გასული, მან უკვე მიიპყრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეთა ყურადღება და საბაზრო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, სწორედ ინოვაციური გადაწყვეტილებები გახდა ცენტრალური ბანკების პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვების საფუძველი, რაც უდავოდ ეროვნული ბანკისა და მისი სისტემის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა:

"ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ინოვაციური სისტემა, რომელიც სრულად მოემსახურებოდა ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მანდატის განხორციელებას და ამავდროულად, ხელს შეუწყობდა კაპიტალის ბაზრის განვითარებას. GSSS სისტემით და საფონდო ბირჟასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ყველა ამ მიზანს მივაღწიეთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სისტემის მოდელი აღვივებს სხვა ქვეყნების ინტერესს. ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ საერთაშორისო აღიარება CENTRAL BANKING -ისგან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ, კომპანია "მონტრანთან" ერთად".

"მრავალი ახალი ინოვაცია GSSS - ში, რომლის პიონერი გახლდათ საქართველო, ჩვენი საბაზისო სისტემის ნაწილი გახდა და ჩვენი ყოველი მომავალი დანერგვა ეროვნული ბანკის ვერსიაზე იქნება დაფუძნებული", - განაცხადა მონტრანის რეგიონულმა მენეჯერმა, კეიტ ესკამ.

Central Banking Publications 1990 წელს, ლონდონში, მისი პირველი რედაქტორის, რობერტ პრინგლის მიერ დაარსდა, რომელიც მანამდე The Banker-ის რედაქტორი იყო. CENTRAL BANKING წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას ძალზე ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მოიცავს მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს.

CENTRAL BANKING - ის დაჯილდოების ცერემონია ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 19 მარტს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკიც მიიღებს.