მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბიტკოინი ოფიციალური ვალუტა გახდა

626a6629862ee
გიორგი თოლორდავა
28.04.22 20:00
1298
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კრიპტოვალუტა ბიტკოინი ოფიციალური ვალუტა და საგადახდო საშუალება გახდა. საკანონმდებლო ორგანომ ინიციატივას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა, რომელიც ოქროსა და ბრილიანტის რეზერვებით საკმაოდ მდიდარი, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი დამოუკიდებელი სახელმწიფოა - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 477 დოლარს შეადგენს.

ქვეყანას პოლიტიკური არასტაბილურობის მაღალი დონეც გამოარჩევს: შეიარაღებულ დაჯგუფებებს, მთავრობებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირება ათწლეულებია გრძელდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი აქტიურადაა ჩართული არალეგალურ საქმიანობებში.

„ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად გადაიდგა“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ობედ ნამსიომ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა რიგით მეორე სახელმწიფოა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა - პირველი ქვეყანა ელ-სალვადორი იყო, სადაც კრიპტოვალუტა ლეგალური ანგარიშსწორების და საგადახდო საშუალებად 2021 წლის სექტემბერში მიიღეს.

ექსპერტების შეფასებით, აფრიკულ სახელმწიფოში ბიტკოინის საკანონმდებლო დონეზე მიღება მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის, რადგან კრიპტოვალუტის ტრანზაქციების განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსი - ინტერნეტი ქვეყნის 95%-სთვის ხელმისაწვდომი არ არის.